ემიგრაციის მუზეუმში ცისანა ჯანაშვილთან შეხვედრა გაიმართება
28 ოქტომბერს, 17.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ემიგრაციის მუზეუმში გაიმართება შეხვედრა ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ებრაელ მხატვართან, ცისანა ჯანაშვილთან. მოეწყობა მისი ნამუშევრების გამოფენა, რომელთა ნაწილი ქართული ემიგრაციის მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი.
როგორც „კვირას“ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორმა რუსუდან კობახიძემ განუცხადა, გასულ წელს ქალბატონმა ცისანამ მუზეუმს საჩუქრად გადასცა გრიგოლ რობაქიძის თემაზე შექმნილი ფერწერული ტილო „ცხოვრება ქარვასლაა და ჩვენ ქარავანი ვართ“.
„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცისანა ჯანაშვილის ახალი ნამუშევარი – ცნობილი ქართველი ემიგრანტი პოლიტიკური მოღვაწისა და მეცნიერის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის რევაზ გაბაშვილის თემატური ტილო.
ცისანა ჯანაშვილი უკვე რამდენიმე ათეული წელია წასულია ჩვენი სამშობლოდან. მან საქართველოზე ფიქრითა და მისი სიყვარულით იცხოვრა უცხოეთის ცის ქვეშ, რაც ნათლადაა ასახული მის შემოქმედებაში.
„მინდა ქართველობამ იცოდეს, რომ საქართველოდან არსად წავსულვარ!“ – ეს ქალბატონი ცისანა ჯანაშვილის სიტყვებია და მართლაც, იგი სულიერად არც არასოდეს განშორებია აქაურობას“, – განაცხადა რუსუდან კობახიძემ „კვირასთან“ საუბარში.