თინა ბახტაძის მიერ ორიგინალური ტექნოლოგიით შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

28 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში თინა ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თინა ბახტაძის მიერ 1970-2000 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
თინა ბახტაძემ შეიმუშავა მიკრომოზაიკის ორიგინალური ტექნოლოგია და ქმნიდა ნამუშევრებს ატმის, გარგარის, ჭერმის, ალუბლის, ნესვის, საზამთროს კურკებით; წიწიბურას, ბრინჯის, ქერის, პურის მარცვლებით; ნაძვის გირჩებით და ლერწმის ტოტებით; ყვავილის ფოთლებით და თესლებით; კენჭებით, ნიჟარებით და სხვა ბუნებრივი მასალით. ზოგიერთ ნამუშევარში გამოყენებულია ბისერი, სმალტის ნაჭრები და ბევრი სხვა მასალა.
თინა ბახტაძის შემოქმედებაში ჩანს მუდმივი სწრაფვა სიახლისადმი. ბუნებაში მოპოვებული თოთოეული მასალა მისი შემოქმედების წყაროს წარმოადგენს.
ექსპოზიცია ეძღვნება თინა ბახტაძის დაბადების 100 წლისთავს.
გამოფენა 2016 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები