ნიუ-იორკში მოღვაწე მხატვრის – ცისანა ჯანაშვილის გამოფენა გაიხსნება

27 ოქტომბერს, 18 საათზე, დავით ბააზოვის სახელობის ქართველ ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ცისანა ჯანაშვილის ნამუშევრები გამოიფინება.
ცისანა ჯანაშვილი 30 წელზე მეტია, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი გამოჩენილი მხატვრის, მიხეილ ჯანაშვილისა და ნადია ასიტაშვილის შვილია. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი თბილისიდან ისრაელში გაემგზავრა; ერთი წლის შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა.
როგორც „კვირას“ მხატვარმა განუცხადა, ამჟამად თავადაც ესტუმრება დიდი ხნის უნახავ თბილისს და დაესწრება გამოფენის გახსნას.
ცისანა ჯანაშვილს მშობლებისგან დაჰყვა ბავშვობის ქალაქის – თბილისის განუზომელი სიყვარული და თაყვანისცემა. მის ნამუშევრებში იგრძნობა ღრმა სულიერი განცდები, სამშობლოსთან განშორებით გამოწვეული სევდიანი მოტივები.
იგი 300-ზე მეტი ნამუშევრის ავტორია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოწყობილი 30-ზე მეტი გამოფენის მონაწილეა; რეალისტური სკოლის მიმდევარია, თუმცა მისთვის არც აბსტრაქტული აზროვნებაა უცხო.
გამოფენა ანტონ კათალიკოსის ქუჩა #3-ში გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები