დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ მდივანს ემანუელ სუბეირანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. მინისტრმა ყურადღება ქვეყანაში ვეტერინარიის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილა.
„ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ვეტერინარიის დარგის განვითარების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვეტერინარიის სფეროში ტექნიკური და ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა შეხვედრაზე ისაუბრა ვეტერინარიის პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობის საკითხს. მისი თქმით, დარგის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პროფესიული განათლების ხარისხზე და ვეტერინარიის სფეროსადმი ინტერესის ზრდაზე.
ემანუელ სუბეირანის განცხადებით, საქართველოს პროგრესი ვეტერინარიისა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით თვალსაჩინოა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მზად არის გააგრძელოს და გააღრმაოს თანამშრომლობა ქვეყანაში ვეტერინარიის დარგის განვითარებისა და გაძლიერების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WOAH), რომელიც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას გლობალურ დონეზე უწევს კოორდინაციას, 1924 წელს დაარსდა და დღეისთვის მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ცხოველთა დაავადებების პრევენცია, კონტროლი და მათი გავრცელების შეზღუდვა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც სურსათის უვნებლობას, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი, ლაშა დოლიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.