„შექსპირი სიმფონიურ მუსიკაში“ – ოპერის თეატრში ეროვნული ორკესტრი წარდგება

 დღეს, 26 ოქტომბერს, 19:30 საათზე, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში წარმოადგენს ნაწარმოებებს, რომლებიც უილიამ შექსპირის მიხედვით შეიქმნა.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, სოლისტი – მეგი ჩიხრაძე (სოპრანო).
შესრულდება: ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უვერტიურა „კორიოლანი“, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ოპერიდან „ჰამლეტი“ და ნაწყვეტები ბალეტიდან „ოტელო“, პიოტრ ჩაიკოვსკის „რომეო და ჯულიეტა“, და მორიგი პრემიერა – ვახტანგ მაჭავარიანის 10 სონეტი უილიამ შექსპირის ტექსტზე.
„ოპერის თეატრში ჩვენი ეროვნული ორკესტრის მორიგი საღამოა – ჩვენი Ex სამხატვრო ხელმძღვანელის, მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით. კონცერტი უილიამ შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის თარიღს ეძღვნება და პროგრამაშიც ისეთი ნაწარმოებები შევიდა, სხვადასხვა დროს შექსპირის ტრაგედიების თუ კომედიების მიხედვით რომ იწერებოდა დიდი კომპოზიტორების მიერ.
რეპერტუარის განსაკუთრებულობას კი საპრემიერო შესრულებაც განაპირობებს, რადგან თავად მაესტრომ შექმნა ვოკალური ციკლი შექსპირის სონეტების მიხედვით და მას ხვალ შეასრულებს შესანიშნავი მომღერალი მეგი ჩიხრაძე. რეპეტიციას რომ დავესწარი, მეგის შესრულებამ და მუსიკამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, დარწმუნებული ვარ, ხვალ დარბაზში მყოფთათვის მნიშვნელოვან წუთებად იქცევა ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის, ალექსი და ვახტანგ მაჭავარიანების ნაწარმოებთა მოსმენა და მიღებული შთაბეჭდილება.
მინდა ჩემს ძვირფას ეროვნულ ორკესტრს წარმატებული კონცერტი ვუსურვო და ჩემს ფეისბუქის მეგობრებს, ვისაც ჩვენი ორკესტრის მოსმენა უყვარს კონცერტზე დასწრება ვურჩიო.
მომდევნო საღამო ოპერაში კი, უკვე 7 ნოემბერს გვექნება ზვიად ბოლქვაძესთან, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელასთან, გიორგი ცაგარელთან, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ვაჟთა გუნდთან და არაჩვეულებრივ მომღერლებთან ერთად“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ნიკა რაჭველი.

კონცერტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ხელოვანთა კავშირი „კონცეპტ არტი“ და კომპანია „ბადაგონი“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა“ და საინფორმაციო ცენტრი „118 08“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები