პრემიერა რუსთაველის თეატრში: მცირე სცენა ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებულ ჩიტს“ უმასპინძლებს

26 და 27 ოქტომბერს, 19 საათზე, რუსთაველის თეატრში პრემიერაა. მცირე სცენაზე ბასა ჯანიკაშვილის „გაბრაზებული ჩიტის” პრემიერა გაიმართება. რეჟისორი – დავით საყვარელიძე; მხატვარი – მერაბ მერაბიშვილი; მუსიკალური გაფორმება  – დავით საყვარელიძე; რეჟისორის თანაშემწე – გრიგოლ თათეიშვილი;
მონაწილეობენ – დავით დარჩია, ნინო თარხან-მოურავი, ქეთი სვანიძე, ბექა სონღულაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პიესას საფუძვლად უდევს საქართველოში რეალურად განვითარებული მოვლენები. პიესის მოქმედება ერთ-ერთ სოფელში ხდება, სადაც რელიგიურ ნიადაგზე თანასოფლელებს შორის დაპირისპირებაა – ქრისტიანები მუსულმანების წინააღმდეგ. ერთ დროს მშვიდობით მცხოვრები მოსახლეობა ახალი რელიგიური კონფლიქტის წინაშე აღმოჩნდა. სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა მუსულმანთა რელიგიური რიტუალის შესრულების წინააღმდეგია. მუსულმანები კი დაჟინებით ითხოვენ ლოცვის უფლებას. სოფელი ორადაა გაყოფილი.
პიესაში რელიგიური შეუწყნარებლობა, ერთმანეთის ტრადიციების მიმართ უპატივცემულობა და რაც მთავარია, უცოდინრობა, ტრაგედიის სათავეა. ამის ნათელი დასტური და სამწუხარო გამოძახილი ორი ახალგაზრდაა, პიესის მთავარი პერსონაჟები – გაბრაზებული ჩიტები, რომლებშიც მშობლებისა და სოფლის სიძულვილი ლოგიკურ გამოძახილს პოვებს. მათი მისიაც, ცნობილი კომპიუტერული თამაშების გმირების მსგავსად, ყველაფრის განადგურებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები