ბესელია “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებზე: ბუნებრივია, ჩვენ არ გვიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობა
„ბუნებრივია, ჩვენ არ გვიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩვენი კოალიციის წევრები იყვნენ სულ რამდენიმე თვის წინ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„ქართული ოცნების“ წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერებთან პირადი კონტაქტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული, ოფიციალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
„ბუნებრივია, ჩვენ არ გვიჭირს ამ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ჩვენი კოალიციის წევრები იყვნენ სულ რამდენიმე თვის წინ, შევხვდეთ და ვისაუბროთ. მათთან პირადი კონტაქტები არსებობს, მაგრამ ოფიციალური ფორმა, როგორც ასეთი, პარტიის და მათი თანამშრომლობის, არ არის. რა სახე შეიძლება ჰქონდეს მათთან ინდივიდუალური თანამშრომლობის ფორმას, მომავალი გვიჩვენებს. გამორიცხვით, თანამშრომლობის რაიმე ფორმას არ გამოვრიცხავ. კონკრეტულად რაიმე პოზიციებზე საუბარი მთავრობაში ნამდვილად არ ყოფილა და არ არის ამ ეტაპზე”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრებს შორის დახურული შეხვედრა გაიმართა. ამ ინფორმაციით, გია ვოლსკისთან შეხვედრაზე გია ცაგარეიშვილი, ზურაბ აბაშიძე და დავით ონოფრიშვილი იმყოფებოდნენ.