ბექა ნაცვლიშვილი: არც ერთ ქვეყანაში არ მოუწოდებს საზოგადოებრივი ჯგუფი ხალხს, ხმა არ მისცეს იმ პარტიას, რომელიც მათ სურთ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი კონსტიტუციური უმრავლესობის წინააღმდეგ გავრცელებულ კამპანიას ანტიდემოკრატიულს უწოდებს.
ნაცვლიშვილისთვის გაუგებარია, რატომ მოუწოდებს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი მოსახლეობას, ხმა მისცეს იმ პარტიას, რომელიც მას არ სურს. ბექა ნაცვლიშვილი მსგავს განცხადებებს ქვეყნის დემოკრატიისკენ მიმართულ საფრთხეს უწოდებს.
“არსად არ დასმულა საკითხი, რომელიმე საზოგადოებრივმა ჯგუფმა მოუწოდოს ხალხს, ხმა არ მისცეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მას სურს და ხმა მისცეს იმ ძალას, რომელიც არ სურს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
ადამიანები ხმას აძლევენ იმ თვალსაზრისით, თუ რა გამოცდილება აქვს პარტიას წარსულში და რის გაკეთებას აპირებს მომავალში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიეცით ხმა, რომელსაც აქვს, რბილად ვიტყვი, მძიმე წარსული, ეს არ მუშაობს. ამ აბსურდის თეატრის წამოწყება არის ფარსი ან უმეცრება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.