ფესტივალი „საჩუქარი“: სპექტაკლი „რამდენი დემონიც გნებავთ“ გაიმართება

27 ოქტომბერს, 20:00 საათზე,  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის, „საჩუქარის“ ფარგლებში, სპექტაკლი „რამდენი დემონიც გნებავთ“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დეტექტიური ტრილერი ერთ მოქმედებად იეჟი პილხის რომანის მიხედვით დაიდგა.
ინსცენირების ავტორია კატაჟინა კნიხალსკა; თარგმნეს მარია ფილინამ და ირაკლი სამსონაძემ;
რეჟისორი – იაცეკ გლომბი (პოლონეთი); მხატვარი – მალგოჟატა ბულანდა–გლომბი; მუსიკა – ბარტოშ სტაბუჟინსკი; სასცენო მოძრაობა – ვიტოლდ იურევიჩი; რეჟისორის თანაშემწე – ზვიად მურვანიძე.
მონაწილეობენ: თათია თათარაშვილი, მერი ნაკაშიძე, მაია ცეცხლაძე, მარინა ბურდული, კახა კობალაძე, ზურაბ ქავთარაძე, ზაალ გოგუაძე, ტიტე კომახიძე, ლაშა კონცელიძე, მამუკა მანჯგალაძე.
,,…რამდენი დემონიც გნებავთ”, პოლონელი რეჟისორის, იაცეკ გლომბის რეჟისორობით, რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული თეატრალური ტრილერია. სამხრეთ პოლონეთის ერთ პატარა სოფელში, სადაც რელიგია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და სადაც იმდენი რწმენაა, რამდენი სახლიც დგას, იკარგება ახალგაზრდა გოგონა.
მთელი სოფელი ერთვება მის ძებნაში. იქნებ სახლიდან გაიქცა? იქნებ გონიეცის ყოვლისშემძლე ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავთ იგი დამწყვდეული? სოფლელთაგან ერთ-ერთმა ხომ არ გამოასალმა გოგონა სიცოცხლეს? ანდაც შესაძლოა, ყველაფრის უკან ის დემონები დგანან, ასე ხშირად რომ ახსენებენ სოფლის მცხოვრებლები? რა იცით, რომ ისინი არ არიან შემოქმედნი ყოველივე ცუდისა, რაც ჩვენში არსებობს? სიბნელით მოცულ კრიმინალში ყოველ წევრს საკუთარი დიდი თუ პატარა საიდუმლო გააჩნია. აქ რაციონალური და ზებუნებრივი სამყარო ერთმანეთს ერწყმის და თქვენზეა დამოკიდებული, ამათგან რომელს იწამებთ. ისტორია ერთმანეთში აერთიანებს ჩახლართულ კრიმინალურ გამოცანას, გამორჩეულ იუმორსა და ფუნდამენტურ კითხვებს ადამიანის ბოროტი ბუნების შესახებ, – აღნიშნულია ანოტაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები