წარმოდგენა „შიმშილის ღმერთი“ გაიმართება

30 ოქტომბერს, 19 საათზე, „ფაბრიკაში“ სპექტაკლი „შიმშილის ღმერთი“ დაიდგმება. „შიმშილის ღმერთი“ მიხეილ ჩარკვიანისა და დავით ხორბალაძის სპექტაკლია; მხატვარი – ანა გურგენიძე.
სპექტაკლში შესრულდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერები.
მონაწილეობენ: ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, ირაკლი სირბილაშვილი, თამთა ჩუმაშვილი.
როგორც „კვირას“ წარმოდგენის მესვეურებმა განუცხადეს, „შიმშილის ღმერთი“ მათი პირველი საერთო ნამუშევარია და  დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას – სიღარიბეს ეხმიანება.
სიღარიბე, როგორც სხვადასხვა სახის ძალადობისა და სრული უიმედობის სათავე.
სიღარიბე, როგორც სირცხვილი და ადამიანის ღირსების შელახვა.
სიღარიბე, როგორც უსასტიკესი ღმერთი, რომელიც ელიტების სასარგებლოდ უკიდეგანოდ განავრცობს თავის ძალაუფლებას დაბალ კლასზე.
სპექტაკლი დამყარებულია დოკუმენტურ მასალაზე და მუსიკალური და დრამატული თეატრის შერწყმით წარმოგვიდგენს 9 მსახიობისა და 2 რეჟისორის კვლევის შედეგებს.
გარდა დოკუმენტური მასალისა, სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ძველი ბერძული მითი უფლისწულ ერისიხთონის შესახებ, რომელიც ღმერთ დემეტრეს ქალაქში მუხის სასტიკად მოჭრისთვის სამუდამო შიმშილით დაისაჯა. ერისიხთონმა ყველაფერი გაყიდა შიმშილის დასაცხრობად, საკუთარი ქალიშვილის ჩათვლით, თუმცა რადგან ეს მაინც ვერ შეძლო, ბოლოს საკუთარი თავი შეიჭამა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები