წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“ ეთერ თათარაიძეს უმასპინძლებს

27 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა/Grandpa Shaqro“ გაიმართება შეხვედრა ეთერ თათარაიძესთან.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, შეხვედრაზე ეთერ თათარაიძე ისაუბრებს თავისი ორი წიგნის – „დევიღუპეთ!“ და „დემონოლოგიური თქმულებები“ – შესახებ.
„დევიღუპეთ!“ – „ამ წიგნს 1982 წლიდან ვწერდი. გამოდის, რომ ბოლო სამი ათწლეულის ქართულმა ყოფით-პოლიტიკურმა სინამდვილემ მოიყარა აქ თავი. თქვენს ხელთაა ცრემლითა და ღიმილით (ამასთან, ლიხსიქითური საქართველოს უსაზღვრო სიყვარულით) ნაწერი წიგნი, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთხელ დაგაფიქროთ უღვთოდ დაღლილი და განაწამები ჩვენი ხალხის ბედისწერასა და გამძლეობის საიდუმლოზე“. (ეთერ თათარაიძე)
„დემონოლოგიური თქმულებები“-  „რამდენიც უნდა იმუშაო მასალის შეკრებაზე, ამ მასალის ნაწილების გამორკვევაზე, შრომა მაინც დაუმთავრებელი რჩება. გარანტია არა გაქვს, რომ მასალა არ დაგრჩა შეუკრებელი, ანდა რომელიმე წვრილმანი შეუმჩნეველი, რასაც შეიძლება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. ეს, საზოგადოდ, კერძოდ კი, ფოლკლორის სფეროში ეს მომენტი უფრო გამძაფრებულია. იქ, სადაც მასალის შეკრება და ყოველი წვრილმანის გამოკვლევა ხანგრძლივად და სისტემატურად სწარმოებს, ასეთი ჩივილი ჩვეულებრივია, და ჩვენში ხომ, შეიძლება ითქვას, ჯერ ყამირი არის გასატეხი და, რასაკვირველია, მდგომარეობა უფრო რთულია და ძნელი. მე იმის თქმა არ მინდა, რომ აქამდე არავითარი მუშაობა არ წარმოებულა ფოლკლორული მასალის შეკრებისა და შესწავლის მხრივ. არა… მაგრამ ის მუშაობა იმდენად მცირე იყო და უსისტემო, რომ მკვლევარს ძალიან ცოტა დახმარებას უწევს. აი, წიგნს ჯერ სტამბის კუპრი არ აშრობია და უკვე ვხედავ, რამდენი რამ გამომრჩენია, როგორც ტექსტში, ისე შენიშვნებში. რამდენი მასალა ყოფილა კიდევ ისეთი, რომელიც ამ წიგნში უნდა შესულიყო და რომელიც ამ წიგნის აწყობის შემდეგ შევკრიბე“. (ვახტანგ კოტეტიშვილი)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები