„ბავშვები მწერალთა სახლში” – იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება

29 ოქტომბერს, 13 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში მორიგი შეხვედრა „ბავშვები მწერალთა სახლში” გაიმართება. როგორც „კვირას“ მწერალთა სახლიდან აცნობეს, ეს შეხვედრა ქართული პედაგოგიკის, ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელს, იაკობ გოგებაშვილს ეძღვნება. 27 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის 176 წლის იუბილეა.14691043_1254151101294175_2467653460949169986_n
„მწერალთა სახლის ამ პროექტის მიზანია, ბაღისა და დაწყებითი კლასების პატარებს შესთავაზოს ლამაზი და ფერადი ზღაპრები, ლეგენდები, თქმულებები… შეხვედრებზე შემოქმედებითი და თავისუფალი ატმოსფეროა, სადაც პატარები, კითხვისა და თხზვის პროცესში, წიგნისა და ამბის თანაზიარნი ხდებიან“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
შეხვედრების ციკლი „პატარები მწერალთა სახლში“ ყოველ შაბათს იმართება და დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისათვის.
ცნობისთვის: ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე იაკობ გოგებაშვილი  ღარიბი მღვდლის ოჯახში დაიბადა.
სწავლობდა ჯერ გორის, შემდეგ თბილისის სასულიერო სასწავლებელში. 1855 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1861 წელს კი — კიევის სასულიერო აკადემიაში. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. ამავე დროს, იგი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ.
გოგებაშვილის პროგრესულმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია და 1874 წელს, იგი, როგორც პოლიტიკურად არასაიმედო, მოხსნეს თანამდებობიდან. ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. გოგებაშვილი დაუღალავად იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. განსაკუთრებით დიდია ღვაწლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები