წიგნის „ვეფხისტყაოსანი“ – გრაფიკული რომანი“ წარდგინება გაიმართება

28 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თი-ბი-სი გალერეაში“ გაიმართება წიგნის „ვეფხისტყაოსანი – გრაფიკული რომანი“ წარდგინება.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად განსხვავებულად, გრაფიკული რომანის სახით გამოსცა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის პირველი ქართული გრაფიკული რომანი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს 1500-მდე ილუსტრაციით და მინიმალისტური, თანამედროვე ტექსტით გვიყვება.
სცენარის ავტორი და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელია მხატვარი პაპუნა დავითაია.
მან დაამთავრა თბილისის კინოსტუდიაში არსებული ანიმაციის სკოლა და ნიურნბერგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი. გადაიღო რამდენიმე ანიმაციური და მხატვრული ფილმი. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში დაწვრილებით შეისწავლა გრაფიკული რომანის შექმნის დეტალები.
„ვეფხისტყაოსანი“ მისი და გამომცემლობა „არტანუჯის“ პირველი პროექტია, რომლის შემდეგ სხვა ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების გრაფიკული ვერსიების შექმნაც იგეგმება.
გრაფიკული რომანი ამერიკული მედიაა, რომელიც 1930 წლებში, როგორც კომიკსის ერთ-ერთი მიმართულება წარმოიშვა. ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გრაფიკული რომანი უფრო სქელტანიანი, სერიოზული შინაარსის წიგნია, რომელიც უკეთესი ხარისხის ფურცელზე იბეჭდება და რაც მთავარია, გრაფიკული ნახატები ბევრად უფრო დიდი რუდუნებით არის შესრულებული, ვიდრე ეს კომიქსის შემთხვევაში გვხვდება.
გრაფიკული რომანი დიდი პოპულარობით სარგებლობს ამერიკაში. მისი იაპონური ვერსია „მანგა“ იაპონიაში 1950-იანი წლებიდან იწარმოება, ხოლო ევროპამ ოდნავ მოგვიანებით, 1970-იან წლებში დაიწყო გრაფიკული რომანების წარმოება.
წარდგინების  პარალელურად, გაიმართება“ ვეფხისტყაოსნის“ ვიდეო და ფოტოინსტალაციის ჩვენება და პაპუნა დავითაიას ფერწერული ტილოების გამოფენა.
წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები