მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს, თუმცა ხელფასი მხოლოდ 5 დეპუტატს დაექვითა

დეპუტატებმა მარიკა ვერულაშვილმა, კახა ბუცხრიკიძემ და ლევან ქარდავამ, მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარობის წევრებს შორის, არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტად გააცდინეს პარლამენტის სხდომები – ამის შესახებ ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” კვლევაში, რომელიც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც დეპუტატების მიერ პლენარული სხდომების გაცდენის არასაპატიო მიზეზს უკავშირდება, მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2012 წლის ნოემბრიდან 2015 წლის საშემოდგომო სესიის ჩათვლით ჯამში არასაპატიო მიზეზით 378 სხდომა გააცდინეს. 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან პარლამენტის სხდომა არასაპატიო მიზეზით არასდროს გაუცდენია 13 დეპუტატს. 8 დეპუტატმა გააცდინა ერთხელ, ხოლო 2-ჯერ და მეტჯერ სხდომა გააცდინა 54-მა დეპუტატმა.
პარლამენტის პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად, 19-ჯერ ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მარიკა ვერულაშვილმა გააცდინა; 18-ჯერ სხდომა გააცდინა თერჯოლის მაჟორიტარმა კახა ბუცხრიკიძემ, 15-ჯერ ჩხოროწყუს მაჟორიტარმა ლევან ქარდავამ, ხოლო 14-ჯერ თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა – დავით ბეჟუაშვილმა.
უფრო კონკრეტულად, მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების სტატისტიკა ასეთია: მარიკა ვერულაშვილი -19, კახა ბუცხრიკიძე – 18, ლევან ქარდავა – 15, დავით ბეჟუაშვილი – 14, როლანდ ახალაია და ზვიად კვაჭანტირაძე- 13-13, პაატა ლეჟავა, დავით ჭავჭანიძე – 12-12, გელა სამხარაული, ლერი ხაბელოვი, ვიქტორ ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე – 11-11, მურმან დუმბაძე -10, სამველ პეტროსიანი და გიორგი ღვინიაშვილი – 9-9, ანზორ ბოლქვაძე, კობა ნაყოფია, ზურაბ ჩილინგარაშვილი და ვიქტორ დოლიძე -8-8, თეიმურაზ ჭკუასელი, ვალერი გელაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზვიად ძიძიგური და რევაზ შავლოხაშვილი – 7-7, თამაზ ჯაფარიძე, აკაკი ბობოხიძე, ზურაბ ზვიადაური, კახა ოქრიაშვილი, გედევან ფოფხაძე – 6-6, ზაზა კედელაშვილი, გელა გელაშვილი, ენზელ მკოიანი, გიორგი ფეიქრიშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი და შალვა შავგულიძე – 5-5, ზურაბ აბაშიძე, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, იაშა შერვაშიძე, ელისო ჩაფიძე, თეიმურაზ ჩხაიძე და სერგო ხაბულიანი – 4-4, დავით ონოფრიშვილი, დავით დარცმელიძე, მანანა კობახიძე, სოსო ჯაჭვლიანი, ვაჟა ჩიტაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი და პაატა კიკნაველიძე – 3-3, ომარ მეგრელიძე, გურამ მისაბიშვილი და ვახტანგ ლემონჯავა -2-2, ეკა ბესელია, აზერ სულეიმანოვი, მირიან წიკლაური, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, თამარ კორძაია, გიორგი ქავთარაძე და ალექსანდრე ქანთარია -1, გიორგი გოზალიშვილი, ნოდარ ებანოიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, ტარიელ ლონდარიძე, ზაზა პაპუაშვილი, დავით უსუფაშვილი, მალხაზ წერეთელი, როსტომ ხალვაში, ფატი ხალვაში, ვახტანგ ხმალაძე, თამარ ხიდაშელი, გიორგი კახიანი და სოსო დანელია – 0.
ამასთან, დეპუტატების მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი პლენარული სხდომების სიხშირის მიუხედავად, მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრებიდან ხელფასი დაექვითა მხოლოდ 5 დეპუტატს. ჯამში, მაჟორიტარი დეპუტატებისთვის პლენარული სხდომების გაცდენისთვის დაქვითული ხელფასის ოდენობა ასე გამოიყურება: კობა ნაყოფია – 758 ლარი, მარიკა ვერულაშვილი – 758 ლარი, თეიმურაზ ჭკუასელი – 400 ლარი, ვიქტორ ჯაფარიძე – 390 ლარი და როლანდ ახალაია – 200 ლარი.
”ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისი ნორმები ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების მიერ პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ადეკვატური სანქციების გამოყენებას. ამასთანავე, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისას დეპუტატების უმრავლესობას სანქციები საერთოდ არ დაკისრებია”, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები