ნინო წილოსანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – ნინო წილოსანი ამავე მუნიციპალიტეტებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
„მოგეხსენებათ, მიღებული მაღალი პროცენტისა და დიდი სხვაობის მიუხედავად, მაჟორიტარულ სისტემაში დაწესებული 50%-იანი ბარიერის გამო მეორე ტურში მონაწილეობა გვიწევს. პირველ ტურში მიღებული დიდი უპირატესობა გვაძლევს მყარ საფუძველს, განვაცხადოთ, რომ მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი უპირატესობით გავიმარჯვებთ. დღეს ჩვენს შეხვედრას გაცნობითი ხასიათი აქვს და ამით იწყება ჩვენი მომავალი თანამშრომლობა, რამეთუ მე მაინტერესებს პრობლემების შესახებ, მოსახლეობისა და ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, მოვისმინო თქვენგან – ნეიტრალური და მუნიციპალიტეტების ცხოვრებაში კარგად ჩახედული ადამიანებისგან,“ – მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპუტატობის კანდიდატმა.
„ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის “ დირექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა და „საქართველოს სასოფლო დარბაზის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს.
დავით გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, თვითმმართველობის დონეზე, თუმცა ზოგჯერ უყურადღებობას აწყდება.
ამირან გიგინეიშვილმა კი გამოთქვა სურვილი, დეპუტატობის კანდიდატს გააცნოს გურიის ზღვისპირა სოფლების სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც მისმა ორგანიზაციამ შეიმუშავა.
ნინო წილოსანმა პირობა დადო, რომ არასამთავრობო სექტორთან აქტიურად ითანამშრომლებს.
„მე დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, რაც აუცილებლად გამომადგება საპარლამენტო მუშაობისას – თქვენ, ფაქტობრივად, მაძლევთ გამზადებულ მოკვლევას, რომლისთვისაც მე საკმაო დრო დამჭირდებოდა,“ – აღნიშნა წილოსანმა.
პრობლემებზე ისაუბრეს გურიის „გამარჯვებულ ქალთა კლუბისა“ და ჩოხატაურის „შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრის“ წარმომადგენლებმა. მაჟორიტარობის კანდიდატმა გამოთქვა სურვილი, რომ ლანჩხუთშიც დაფუძნდეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შშმ პირებზე იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები