ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად ხვალ, 16:00 საათზე კენჭისყრა გაიმართება. მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე.
პლენუმის 8 წევრი ერთ-ერთ მათგანზე შაეჩერებს არჩევანს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დასაკავებლად კანდიდატს პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლეების ხმები თანაბრად გაიყოფა, თავმჯდომარეობის კანდიდატურების წარდგენისა და არჩევის პროცედურები თავიდან დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ უკვე დასახელებული კანდიდატები.
ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება. აღნიშნული კანდიდატურებიდან, ირინა იმერლიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს ის ხუთი წლით უხელმძღვანელებს, ხოლო თუ პლენუმის მინიმუმ ხუთი წევრი ზაზა თავაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.
საკონსტიტუციო სასამართლოს უფროსის მრჩეველი გიორგი ლომთაძე აცხადებს, რომ კენჭისყრის პროცედურები ფარული იქნება და მასში მონაწილეობას კენჭისყრაზე მყოფი ყველა მოსამართლე მიიღებს.
„ხვალ დაგეგმილია საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზეც უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა. როგორც საზოგადოებას გასულ კვირაში ეცნობა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინეს ორი კანდიდატურა, ბატონ ზაზა თავაძისა და ქალბატონ ირინა იმერლიშვილის. კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იმისათვის, რომ წარდგენილი კანდიდატი ჩაითვალოს თავმჯდომარედ არჩეულად, საჭიროა მან დააგროვოს პლენუმის არა ნაკლებ ხუთი წევრის მხარდაჭერა ფარული კენჭისყრის დროს. კანონმდებლობით დადგენილია მოთხოვნა, რომ აღნიშნული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს ფარულად, დახურულ სხდომაზე, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ვალდებულება, გაასაჯაროოს სხდომაზე გაჟღერებული პოზიციები და სხვა ფაქტობრივი გარემოებები.
იმ შემთხვევაში, თუ ხმები თანაბრად გადანაწილდება, საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანული კანონის მე-10 მუხლში არის მითითებული, რომ თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა მითითებული არანაკლებ ხუთი ხმა, თავმჯდომარის არჩევის პროცედურა უნდა დაიწყოს თავიდან, უნდა მოხდეს კანდიდატის ან კანდიდატურების წარდგენა მაქსიმუმ 14 დღის ვადაში და გაიმართოს არჩევის პროცედურები.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა 5 წლის ვადით, თუ წარდგენილ კანდიდატს მოსამართლეობის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვს ხუთ წელზე ნაკლები, მაშინ ის აირჩევა იმ ვადით, რა ვადაც აქვს დარჩენილი“, – აღნიშნა გიორგი ლომთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები