საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე დასახელდნენ

საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა „სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატურა წარადგინეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებად ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე დასახელდნენ.
თუმცა, ლომთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა თუ ვინ დაასახელა ზაზა თავაძის კანდიდატურა. რაც შეეხება ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას, იგი ამ პოსტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადდანიშნულმა მოსამართლემ გიორგი კვერენჩხილაძემ დაასახელა.
“პირად მე დავაყენე ქალბატონი ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა, სხვა მოსამართლეების ნაცვლად, ვერ გიპასუხებთ. გეტყვით იმას, რაც მეხება მე, სხვა კანდიდატურებზე ვერ გეტყვით”, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს უჭერს მაია კოპალეიშვილიც.
რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევას, ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები