„მეც 20 წლის ვარ“…  –  მომავალი მსახიობი, რომელიც არავის ბაძავს

ბავშვობიდან ხიბლავდა სცენა. მსახიობობის გარდა, არაფერზე  უოცნებია. ქუთაისის „მარჯანიშვილელთა“ დასში მოღვაწეობამ ბევრი რამ შეცვალა მასში პროფესიული თვალსაზრისით. ამჟამად შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტია.  ამბობს, რომ მისი მიზანია, გახდეს კარგი მსახიობი და რომ… ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა.

13265926_1099504726759234_3544438775493701792_n

 –  ვიზრდებოდი მშობლებთან, ბებოსთან, ძმასთან. ძალიან თბილ გარემოში და, ჩემი აზრით, ბავშვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მომავალში, რამდენად კარგ და თბილ გარემოში იზრდებოდა ის ბავშვობაში. სწორედ ამან შეუწყო ხელი  ადამიანად ჩემს ჩამოყალიბებას.
თეატრისადმი სიყვარული დაიწყო…
– თეატრისადმი ჩემი სიყვარულიც ბავშვობას უკავშირდება. ბავშვობაში ხშირად დავყავდი დედას თოჯინების თეატრში, შემდეგ ექვსი წლისა დედამ შემიყვანა სტუდიაშიც. მთელი ჩემი ცნობიერება არასდროს მდომებია სხვა რამ, გარდა მსახიობობისა.
ბავშვობიდანვე მხიბლავდა სცენა, მაინტერესებდა, რას აკეთებდნენ მსახიობები კულისებში და ყოველთვის, უფრო ხშირად, ვუყურებდი კულისებს სპექტაკლის მსვლელობის დროს. მიჩნდებოდა კითხვები ჩემს თავთან, თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ამა თუ იმ როლის მორგებას.
–  როგორ მოხვდით ქუთაისის „მარჯანიშვილელთა“ ახალგაზრდულ დასში?
– ბატონმა თორნიკე და ქალბატონმა მარინა მარჯანიშვილებმა გააკეთეს არაჩვეულებრივი ფესტივალი „N ოვაცია“. ამ ფესტივალის საშუალებით მოსწავლეებს გვქონდა  შესაძლებლობა, გვეთამაშა სხვადასხვა  სპექტაკლში.  შემდეგ პროფესიონალი ჟიურის წევრებთან ერთად ვარჩევდით ამა თუ იმ სპექტაკლს და უკვე მთლიანად დილიდან ღამემდე მიწევდა თეატრში ყოფნა, რადგან დღეში  ორი სპექტაკლი იმართებოდა. ამის შემდეგ ჩვენ, ბავშვებმა, ვთხოვეთ ბატონ თორნიკეს, რომ შეექმნა ისეთი დასი ან სტუდია, რაც მოგვცემდა თეატრში ყოფნის საშუალებას.es
ამ ფესტივალის შემდეგ კიდევ უფრო „მოვიწამლე” სცენის მტვრით.  სკოლის შემდეგ ვსწავლობდი ფილოლოგიურზე, რადგან, სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი სიარულს  „მარჯანიშვილელების“ დასში.
– ვინ შეასრულა განსაკუთრებული როლი, რომ ეს პროფესია აგერჩიათ…
– ჩემს ცხოვრებაში პროფესიის კუთხით  ძალიან დიდი როლი შეასრულეს თორნიკე და მარინა მარჯანიშვილელებმა. ისინი არიან როგორც ჩემი პედაგოგები, ასევე ჩემი მეორე მშობლები. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ბატონი თორნიკესა და ქალბატონი მარინას დასმა მაჩუქა არაჩვეულებრივი მეგობრები, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ჩემს ცხოვრებაში.
– ახალგაზრდულ დასში ნათამაშევი  როლებიდან რომელს გამოარჩევდით?
ახალგაზრდულ დასში ვითამაშე რამდენიმე სპექტაკლში: „ათვინიერებენ მიმინოს“, „ვინ არის დამნაშავე“, „მონატრებიდან მარადისობამდე“, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, პრემიერა: „დედაკაცმა თუ გაიწია“ და „ჩხიკვთა ქორწილი“. ასევე ვთამაშობდი მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებში: „ჰელადოსი“, „რევიზორი“, „სათაგური“, „ცილინდი“ და ოპერის თეატრის სპექტაკლშიც: „მინდია“.
„მარჯანიშვილელებთან“ დაახლოებით ხუთი ლიტერატურული სპექტაკლი და ორმოცდაათამდე ღონისძიება გაკეთდა. ლიტერატურული სპექტაკლებია: „უკანასკნელი ცისფერყანწელი“, ზაალ ებანოიძე, „ქრისტესმიერი ძმები“, ტარიელ ხარხელაური  და „ყოფნა-არყოფნა“.
არ მაქვს გამორჩეული როლი, რადგან ყველა როლი ჩემთვის თავისებურად მიმზიდველი და საინტერესოა.10363577_575201255926968_778081088527343835_n
– სწორედ „მარჯანიშვილელებთან“ ყოფნის პერიოდში გახდით მხატვრული კითხვის ოსტატი და გურამ საღარაძის პრემიის ლაურეატი. ფესტივალში გაიმარჯვეთ ნომინაციებში – რეზო ჩხეიძის რჩეული, ჟიურის სიმპათია და გიგა ლორთიფანიძის სახელობის პრიზის მფლობელიც ხართ… – რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ დასში მოღვაწეობამ?
– ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ცვლილება გამოიწვია ჩემში, რადგან სხვა თვალით ვუყურებ ყველაფერს: ადამიანის ქცევებს. უკვე სიღრმისეულად დავიწყე ფიქრი ამა თუ იმ როლზე და ვცდილობ, ყველა დეტალს მივაქციო სათანადო ყურადღება.
– კოლაუ  ნადირაძის როლი შეასრულეთ „უკანასკნელ ცისფერყანწელში“…
– როდესაც კოლაუ ნადირაძის როლი შემომთავაზეს, ძალიან ავღელდი, რადგან ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა. ძალიან მიყვარს „ცისფერყანწელები“ და მათი შემოქმედება. ეს როლი და ეს სპექტაკლი ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა და სხვა კუთხით შემახედა ამა თუ იმ მოვლენას „ცისფერყანწელთა“ ცხოვრებაში.

14658276_544993132292094_1111131301_nმცირე გადახვევა: „გიგა აბულაძე, ქუთაისის ახალგაზრდული თეატრის დასის მარჯანიშვილელთა“ წარმომადგენელია და… თავის დროზე, სწორედ მარჯანიშვილელთა“ სპექტაკლში, რომელიც უკანასკნელ ცისფერყანწელს ეძღვნებოდა, განასახიერა მთავარი როლი კოლაუ ნადირაძისა (და, ალბათ, ამიტომაცაა ჩემთვის ასეთი ახლობელი ეს  ყმაწვილი კაცი).
მას, როგორც დამწყებ მსახიობს, რომელიც ეს-ესაა „იდგამს ფეხს“ სცენაზე, გამოარჩევს არა მხოლოდ გამუდმებული ძიებისა და სიახლისადმი ლტოლვა, არამედ, წარსული გამოცდილების ჯეროვნად გააზრებისა და გათავისების სურვილი, რაც ვფიქრობ, განსაკუთრებით წაადგება მას სამსახიობი ოსტატობაში, რადგან, მაინც მგონია, რომ ყოველგვარი ავანგარდი, მაინცდამაინც, კლასიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
გიგა აბულაძეს, ამ ახალგაზრდა ნიჭიერ კაცს, უთუოდ საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრება ელის. მინდა წინსვლა ვუსურვო ამ გზაზე. წინსვლა და… გაძლება, რადგან მსახიობის ცხოვრებაში სიხარულთან ერთად, ძალიან ხშირად, უფრო მეტია ტკივილი, მით უფრო, თუ ის ნიჭიერი აქტიორია“.

(ნინო ჩხიკვიშვილი – ავტორი წიგნისა „უკანასკნელი ციფერყანწელი“, რომლის მიხედვითაც დაიდგა სპექტაკლი „მარჯანიშვილელებში“).

– თეატრალურ კონკურსში – „მხატვრული კითხვის დიდოსტატები“ გამარჯვებულს, გადმოგეცათ გურამ საღარაძის სახელობის პირველი პრემია და ოქროს მედალი. ელოდით?11401475_796916007088824_8750543820509396581_n

– მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა 2016 წლის 14 იანვარს. მთელი საქართველოს მასშტაბით  მონაწილეობდნენ მსურველები. არ ველოდი გამარჯვებას და ეს ფაქტი ძალიან დიდი სიხარულის და ბედნიერების საბაბი გახდა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ამ კონკურსში გამარჯვების შემდეგ არ გავუცრუო იმედები ჩემ ირგვლივ მყოფებს და თუ „დავდე“ რაღაც დონე, იმ დონეს არ ჩამოვცდე და პირიქით, შეძლებისდაგვარად, განვავითარო.
– წიგნის კითხვა და ფილმის ყურება გიყვართ… რომელ პოეტთან გრძნობთ ყველაზე მეტად სულიერ სიახლოვეს?
– ვგიჟდები პოეზიაზე. მყავს მრავალი საყვარელი პოეტი, მაგრამ მათ შორის გამოვარჩევდი გალაკტიონს და ბოდლერს.
წიგნს რაც შეეხება, განსაკუთრებულად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფიოდორ დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვებმა“. ძალიან მიყვარს რობერტო ბენინის  ფილმი „ცხოვრება მშვენიერია”.
მირზა გელოვანი ამბობდა: „მე ოცი წლის გმირი ვარ და საუკუნე მიმაქვს მხრებით“… 20 წლის ხართ…
– მეც 20 წლის ვარ, მაგრამ გმირი არა, თუმცა დიდი სამომავლო გეგმებით.13445349_976830955765058_7142769447058506964_n
– რის შეცვლას მოინდომებდით ცხოვრებაში?
– ბავშვობაში მშობლებს შევაყვანინებდი თავს სიმღერისა და ცეკვის წრეზე, ეს ჩემი ტკივილია.
– თქვენი თვალით დანახული „მამები“ და „შვილები“…
–  ბიჭი შვილი ყოველთვის ცდილობს დაემსგავსოს მამას. ყოველთვის ვცდილობ დავემსგავსო მამაჩემს თავისი ღირსებით, თავშეკავებით და  ოჯახისადმი დამოკიდებულებით. მამა ჩემთვის იდეალია და ვფიქრობ,  ყველა ბიჭისთვის ასეა.
–  ადამიანში ხასიათს აფასებთ… როგორი ხასიათი გაქვთ?
– არ ვიცი, რამდენად კარგი თუ ცუდი ხასიათი მაქვს, თუმცა ვარ საკმაოდ ცვალებადი ხასიათის მქონე პიროვნება.
– რას ნიშნავს ქუთაისი თქვენთვის?..
– ვერ გაგცემთ მაგ კითხვაზე პასუხს, რადგან ეს იგივეა ჩემთვის,  რომ მკითხოთ – რას ნიშნავს შენთვის ოჯახი.
–  ამჟამად თბილისში, თეატრალურ უნივერსიტეტში  აგრძელებთ სწავლას… ვინ არის თქვენი გამორჩეული მსახიობი და რატომ?
– ამჟამად ვსწავლობ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დრამისა და კინო სამსახიობოს ფაკულტეტზე. მასწავლის ორი არაჩვეულებრივი პედაგოგი, ქალბატონი – ნინო ლიპარტიანი და საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ერთ-ერთი ჩემთვის საყვარელი მსახიობი – ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძე. ჩემთვის ამ ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან დიდი პატივია და ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს ვსწავლობ მათგან. ჩემი საყვარელი მსახიობია დასტინ ჰოფმანი.10847823_811070992264645_4838807892212598117_n
– ვის მიბაძავდით?
– არავის არ მივბაძავდი, რადგან ვფიქრობ, რომ რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ინდივიდია მსოფლიოში და სხვისი მიბაძვით ინდივიდი ადამიანს ეკარგება.
– რა არის იმ თაობის ნაკლი, რომლის წარმომადგენელიც გიგა აბულაძეა…
– ვფიქრობ, ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ნაკლი  სიზარმაცეა. მომწონს ის, რომ არ ვექცევით არავის გავლენის ქვეშ და ჩვენს ინდივიდუალიზმს ხაზს ვუსვამთ.
– როგორ გესმით „თავისუფალი დრო“?
– თავისუფალ დროს ვკითხულობ, ან ვუყურებ ფილმს. ჩემთვის თავისუფალი დრო არის განტვირთვის საშუალება. ასევე თავისუფალ დროს ვატარებ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

– სიყვარული…12321348_1706191502955102_5792551285666955370_n
– ჩემს ცხოვრებაში არის სიყვარული, დიდი სამომავლო გეგმებით.
– რა მოგწონთ და რა არა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ?
– ჩემს ქვეყანაში მომწონს რაღაც ტრადიციები. ასევე ზოგიერთი ტრადიცია არ მომწონს. მომწონს ის, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა აქვთ ადამიანებს. ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები