მოწმე: გირგვლიანის საქმეზე ინფორმაციებს მერაბ ბაღათურია შს მინისტრს აწვდიდა, მინისტრი კი მაშინდელ პრეზიდენტს

„სანდრო გირგვლიანის საქმე მისი მკვლელობიდან მეორე დღეს უკვე გახსნილი იყო“, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ დაკითხვაზე განაცხადა.
დავით კუპატაძემ, რომელიც იმჟამინდელი ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსის, მერაბ ბაღათურიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მოთხოვნით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ კი შეწყალების ეპიზოდზე ჩვენება მისცა.
დავით კუპატაძე პირველი იყო, ვინც გირგვლიანის საქმე გამოიძია. კუპატაძის თქმით, ეს საქმე გირგვლიანის მკვლელობიდან მეორე დღეს უკვე გახსნილი იყო და როდესაც მერაბ ბაღათურიას მოახსენა დამნაშავე პირების შესახებ, ბაღათურიამ უპასუხა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მინისტრისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის უნდა მიეწოდებინა. მისივე თქმით, მერაბ ბაღათურიამ მინისტრისგან პასუხად მიიღო, რომ ინფორმაცია პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის უნდა ეცნობებინა.
“ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა. ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსს, მერაბ ბაღათურიას გაუთავისუფლეს თანამშრომლები, შემდეგ თავადაც გაათავისუფლეს და მეც”,- აღნიშნა კუპატაძემ.
პროკურორის კითხვაზე, თუ რატომ მოხდა მათი გათავისუფლება, კუპატაძემ უპასუხა: „ალბათ ეს საქმე გამოძიებული არ უნდა ყოფილიყო და იმიტომ”.
“ამის შემდეგ სამინისტრომ საქმე წაიღო თვითონ, ჩაატარა ყველა ღონისძიება, წინასწარ საკნები გაუმზადეს და მოხდა დამნაშავეების ნაწილის – ბიბილურიძის, ღაჭავას, გია ალანიასა და ფოფხაძის ე.წ. დაკავება”,- აღნიშნა კუპატაძემ.
როგორც მოწმემ პროცესზე განაცხადა, დაკავებულები საკანში განსაკუთრებულ პირობებში იმყოფებოდნენ.
“მათთან ახლობლები შედიოდნენ და საჭიროების შემთხვევაში, თვითონაც ტოვებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სხვა პირები კი, ვინც მკვლელობის ღამეს სუფრასთან იჯდა – მელნიკოვი, ახალაია, სანოძე და დონაძე, მათი დაკავება არ მომხდარა”, – აღნიშნა კუპატაძემ.
როგორც კუპატაძე აცხადებს, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა მერაბ ბაღათურიას შინაგან საქმეთა მინისტრთან, მინისტრი კი, თავის მხრივ, ინფორმაციას მაშინდელ პრეზიდენტს აწვდიდა.
სანდრო გირგვლიანის საქმეზე, კერძოდ კი შეწყალების ეპიზოდზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 332-ე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წაყენებული, რაც 3-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები