ავსტრიული პრესა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე: არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსი

ავსტრიული მედია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. წამყვანი გამოცემები პუბლიკაციებში არჩევნების შედეგად მმართველი პარტიის გამარჯვებაზე მიუთითებენ და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები მოჰყავთ, რომლის თანახმადაც, საქართველოში არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდა.
გაზეთები “Kurier”–ი („პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პროდასავლურმა პარტიამ თითქმის 49 % მოიპოვა“) და “Wiener Zeitung”–ი („მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა“), ამ სათაურებით ავსტრიის პრესის სააგენტოს (APA) ინფორმაციებზე დაყრდნობით სტატიებს აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად, მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ კვლავ რჩება მძლავრ პოლიტიკურ ძალად.
„არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პროდასავლური კურსი, რადგან ეკონომიკურ პრობლემებთან მებრძოლი ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ ისწრაფვის, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ საპარლამენტო არჩევნებს დადებითი შეფასება მისცა და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამომხატველად მიიჩნია“, -წერენ გამოცემები.
“Der Standard” – („საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა“ ) როგორც სტატიაშია აღნიშნული, დამკვირვებლები მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგებმა გააძლიერა საქართველოს პროევროპული კურსი. ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოებისკენ ისწრაფვის და 2008 წლის ომის შემდგომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, ამასთან ერთად, იმედოვნებს, რომ მალე ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმგზავრებენ.
სტატიაში მოყვანილია გერმანელი ექსპერტის, ამიერკავკასიაში ფრიდრიხ ებერტის ფონდის რეგიონული კოორდინატორის, იულის ბლესიუსის მოსაზრებაც, რომელიც „ქართული ოცნების“ გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზად ქართულ მოსახლეობაში “ნაციონალური მოძრაობის” უარყოფით იმიჯს მიიჩნევს.
„პარტიამ ვერ შეძლო საკმარისად მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირება”, – აღნიშნავს ექსპერტი.
აქვე აღნიშნულია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასების შესახებაც, რომ „საქართველომ განამტკიცა რეგიონში თავისი, როგორც დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერის სტატუსი“.
გაზეთ “Die Presse”-ში („საქართველო: მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს“) აღნიშნულია, რომ წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლის წინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მრავალწლიანი მმართველობა დაასრულა.
“Die Presse”-ში („საქართველოს მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა“ ) ნათქვამია, რომ არჩევნების შედეგებით, ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პროევროპული კურსი. აქვე აღნიშნულია ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შეფასება არჩევნებთან დაკავშირებით, რომ „ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში დემოკრატიული ტრანსფორმაციის ლიდერია“.
გაზეთები “Neues Volksblatt”-ი („ქართული ოცნება საპარლამენტო არჩევნებს იგებს“), “OÖ Nachrichten” („მმართველი პარტია გამარჯვებულია“) და “Der Standard”-ი („ქართველმა მეოცნებეებმა მოულოდნელად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს“) 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ამახვილებენ ყურადღებას. სამივე ინფორმაციაში მმართველი პარტიის დამაჯერებელი გამარჯვება შეფასებულია როგორც არსებული პროდასავლური კურსის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები