არაფერს გამოვრიცხავ – რატომ დატოვა ალექსი პეტრიაშვილმა პარტია

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის პარტიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებამ განაპირობა.
როგორც „კვირას“ ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, მან პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავდაპირველად მეუღლესთან შეათანხმა, რის შედეგადაც პარტიის ლიდერს გაუმხილა.
„ბუნებრივია, თავდაპირველად ოჯახში განვიხილეთ, ჩემი პარტიიდან წამოსვლის შესახებ გადაწყვეტილება, ეკა ამ გადაწყვეტილების თანამონაწილეა. ამის შემდეგ ირაკლი ალასანიასაც გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება, პარტიის ლიდერი, როგორც იტყვიან გაგებით მოეკიდა ჩემს პარტიიდან წამოსვლას. თუმცა, მე ადრეც ვუთხარი, რომ „გენერალური მდივნის“ პოსტზე ყოფნას დიდ ხანს არ ვაპირებდი. ბუნებრივია, მე პარტიის გენერალური მდივნის პოსტიც დავტოვე. სხვა პარტიაში გადასვლას ან პოლიტიკურ კარიერას ჩამოვშორდი. მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება, კარგად ავწონ-დავწონი ყველაფერს და ახლო მომავალში ახალ საქმეს გავაგრძელებ. ამ ეტაპზე შემოთავაზებები საჯარო სამსახურიდან არ მაქვს.“ – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ალექსი პეტრიაშვილი.
კითხვაზე, შემოთავაზება ხომ არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციდან, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ იგი არაფერს გამორიცხავს.
„საერთოდ მე არაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, ამ ეტაპზე შემოთავაზებები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ ყოფილა. ისე მთელი ოჯახი იქ, ხომ არ დავსაქმდებით. საჯარო სამსახურში მუშაობას არ ვგეგმავ“, – ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ირაკლი ალასანია – თავისუფალმა დემოკრატებმა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5 პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები