გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შედგა
“მინდა მივულოცო ყველას, საქართველოში 2016 წელი საპარლამენტო არჩევნები შედგა”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეფასებებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. კვირიკაშვილმა ამომრჩეველს აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველას, საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგა. ყველა შეფასებით, ეს იყო გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ხალხს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არასამთავრობო სექტორს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისათვის, მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია ეუთოს შეფასება, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის არჩევნებმა ჩაიარა, კონკურენტულ, გამჭვირვალე, სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში”, – განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პრემიერის თქმით, მათმა მიუკერძოებელმა მუშაობამ განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი.