ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იყო.

„8 ოქტომბერს საქართველოში საპარალამენტო არჩევნები ჩატარდა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის თანახად არჩევნები კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში ჩატარდა და ზოგადად, ადამიანის ძირითადი უფლებები იყო დაცული. თუმცა, კამპანიისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ღია გარემოზე ზეგავლენა იქონიეს არაკანონიერი კამპანიის წარმოების შესახებ განცხადებებმა და ძალადობის ცალკეულმა შემთხვევებმა. არჩევნების დღე ზოგადად წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა დღის განმავლობაში დაძაბულობამ იმატა და რამდენიმე ძალისმიერ შეხლა–შემოხლას ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნების სიახლოვეს და თვით საარჩევნო უბნებშიც. მაგრამ, თითქმის ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი დადებითად შეფასდა. ნებისმიერი დარჩენილი ხარვეზი OSCE/ODIHR–ის რეკომენდაციების საფუძველზე უნდა აღმოიფხვრას.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მთელ პროცესს, ხმების ოფიციალური დათვლის პირველადი შედეგების ჩათვლით.
არჩევნების მეორე რაუნდისთვის და მეორე რაუნდამდე დარჩენილ პერიოდში, ყველა პარტიამ და კანდიდატმა თავი უნდა შეიკავოს დაპირისპირებისა და ძალადობისგან, პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ პრინციპებსა და ქართველი ხალხის ნებას.
ევროკავშირი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ერთგული მხარდამჭერია. საარჩევნო პროცესის დასრულების შემდგომ, ჩვენ მზად ვიქნებით ვიმუშავოთ დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მჭიდრო პოლიტიკური ეკონომიკური და ურთიერთობების განსამტკიცებლად, რომელიც ევროკავშირი–საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებულ ურთიერთვალდებულებზეა დაფუძნებული. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ახალ პარლამენტში არჩეულმა ყველა წევრმა ერთად იმუშავოს საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები