ირაკლი კობახიძე: მეორე ტურში არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოვიგებთ

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ყველა იმ მაჟორიტარულ ოლქში მოიპოვებენ გამარჯვებას, სადაც არჩევნების მეორე ტური დაინიშნება.
როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა, რის საფუძველზეც მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობენ ქვეყნის მართვას.
მისივე თქმით “ქართული ოცნება” მეორე ტურისთვის მზადებას მალევე შეუდგება.
“ჩვენმა 23 მაჟორიტარმა კანდიდატმა, პირველივე ტურში მოიგო არჩევნები. კანდიდატების უმრავლესობას ხმების მცირე რაოდენობა დააკლდათ იმისთვის, რომ არჩევნების პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოვიგებთ არჩევნების მეორე ტურში და “ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, რის შესახებაც ჩვენ არჩევნებამდეც ვსაუბრობდით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში, რასაც ცხადყოფს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და მისიების ანგარიშები და შეფასებები. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთა მცდელობა, ქვეყანაში ხელოვნურად გამოეწვიათ დესტაბილიზაცია, უშედეგოდ დასრულდა.
“უშედეგოდ დასრულდა “ნაციონალური მოძრაობის” უსუსური მცდელობა, ქვეყანაში ხელოვნურად გამოეწვიათ დესტაბილიზაცია. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და მშვიდობიან გარემოში და სწორედ ასეთ ვითარებაში გამოხატა ჩვენმა ამომრჩეველმა მხარდაჭერა “ქართული ოცნების” მიმართ,”- აცხადებს კობახიძე და მადლობას უხდის თითოეულ ამომრჩეველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები