გიორგი მღებრიშვილი გივი თარგამაძის საქმეზე: გამოძიებამ ისეთი უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დეპუტატ გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებამ ისეთი უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა, რამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირთა კავშირს დანაშაულთან, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან იდენტიფიცირებულები.

„დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში, ჯოჯოხეთური შრომა გასწიეს შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე, სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით, იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინა. ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, მათი ნაწილი, ვინც საქმეში ფიგურირებს, მიმალვაში იმყოფება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დარჩო ხეჩუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

„ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის უკვე ცნობილი, მაგრამ მე თავს შევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან. უკვე ზღვა ინფორმაცია გვაქვს ამ დანაშაულის შესახებ“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

მინისტრი ასევე არ საუბრობს თავდამსხმელების შესაძლო მოტივზე. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ ჰქონდა სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთ ტელევიზიას, მღებრიშვილი განმარტავს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

„ამ სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა გაგვემჟღავნებინა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სადაც მივდივართ შემთხვევის ადგილზე, თქვენ გვხვდებით ხოლმე და ძალიან ოპერატიულები ხართ. ჩვენ არავისთვის არ გვითქვამს და არც ერთი მედიასაშუალებისთვის არ გვიცნობებია ის, რომ გუშინ ვაპირებდით სპეცოპერაციის ჩატარებას“, – მიმართა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები