საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს.
ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა,  ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. ხმის მიცემა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

20:00 საათისთვის, რიგში მდგომ ამომრჩეველს ხმის მიცემა შეუძლია, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას აღნუსხავს.
 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 საარჩევნო ოლქია. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 351388 4 შეადგენს. საპარლამენტო არჩევნებისთვის კი სულ 816 რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატია.
 
არჩევნებში მონაწილეობა მსჯავრდებულებს გამონაკლის 11 საარჩევნო უბანზე შეეძლებათ, რომლებიც სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებშია განთავსებული.
 
დღეს რიგით მეცხრე საპარლამენტო არჩევნები ტარდება და ამომრჩეველი 150-წევრიან პარლამენტს ოთხი წლის ვადით აირჩევს.
 
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 150 წევრისგან შედგება, სადაც 77 დეპუტატი პროპორციული სიის შედეგადაა არჩეული, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული სიით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები