„საია“: 2016 წლის არჩევნებს, წინა არჩევნებთან შედარებით, დადებითად აფასებს

2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდი იყო უფრო თავისუფალი, როგორც ძალადობისგან, ასევე დარღვევებისგან, ვიდრე 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი,- ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნაცვლიშვილმა ყურადღება რამდენიმე გამოკვეთილ შემთხვევაზეც გაამახვილა, რასაც ადგილი ჰქონდა კორცხელში, გორში და თბილისში.
„მიუხედავად ამისა, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდიც არ ყოფილა თავისუფალი ძალადობისა და მუქარის ფაქტებისგან. მართალია, ასეთი ფაქტები არ ყოფილა მასობრივი, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული შემთხვევები. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას აქტივისტებს შორის, ასევე პოლიტიკოსებს შორის ეთერების ფორმატში. ასევე სამწუხაროა, რომ იყო რამდენიმე მძიმე ფაქტი – დიდინეძიში, გორში და თბილისში აფეთქება, რამაც დააზიანა წინასაარჩევნო გარემო.
ზოგადად ცუდია, როდესაც პოლიტიკოსებს უჭირთ გაემიჯნონ ძალადობას, მათ შორის, როდესაც მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არის ჩადენილი ასეთი ფაქტები და თავიანთი განცხადებებით ზოგჯერ პროვოცირებასაც კი უკეთებდნენ და ახალისებდნენ ძალადობრივ ფაქტებს.
იყო სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები, თუმცა რამდენიმე შემთხვევაში ეს ადამიანები სწრაფად იქნენ აღდგენილნი სამსახურში და რიგი შემთხვევები სასამართლოში იხილება დღეს”,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები