ალექსანდრე ჯეჯელავა საარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლას კატეგორიულად უარყოფს

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საარჩევნოდ პედაგოგებზე ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯეჯელავამ აღნიშნა, განათლების სისტემა აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია. მისივე თქმით, აღნიშნულ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.
„სამწუხაროა, რომ ჩვენს ოპონენტებს, ბრალდებების გარდა, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი არ ყოფნით მყარი პოზიციებისთვის. ეს არის სრული სიცრუე. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად დეპოლიტიზებულია ეს სისტემა. მე შევხვდი 9 000-მდე პედაგოგს და ამის შესახებ პირადად ვუთხარი, რომ ჩვენ ჩვენი სკოლები და მოსწავლეები ყველანაირად უნდა დავიცვათ ამ ხრიკებისგან.
რესურს-ცენტრებთან მქონდა პირდაპირი საუბარი, რომ არც ერთი პარტიის, მათ შორის არც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან არანაირი აქტივობა სკოლის და სამუშაო საათების კონტექსტში არ უნდა ყოფილიყო.
თუ ასეთი დარღვევები იქნება, ჩვენ ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოვახდენთ ადმინისტრაციულად. მე უპარტიო ვარ და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩემი მანდატი არის, თავის დროზე შექმნილი მანკიერი პრაქტიკა სრულიად აღმოიფხვრას. ამ ბრალდებებს ამჟამად არანაირი საფუძველი არ აქვს. შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მასწავლებელი ან კონკრეტული დირექტორი თავისი ინიციატივით რამეს აკეთებდეს და ეს ძალიან მკაცრად დაისჯება.
ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული სკოლა, აბსოლუტურად იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
მინისტრის მტკიცებით, ჯერჯერობით არც ერთი პედაგოგის თუ სკოლის დირექტორის მხრიდან პოლიტიკურ აქტივობაზე სამინისტროში ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები