ირაკლი ალადაშვილი: თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების დროს, დიდი ალბათობით, არ იყო გათვლილი მისი ლიკვიდაცია

სამხედრო ჟურნალისტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ გივი თარგამაძის ლიკვიდაცია დაგეგმილი არ იყო. როგორც მან „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ შემთხვევაში ასაფეთქებელი მისი სავარძლის ქვეშ განთავსდებოდა.
გაზეთ „არსენალის“ რედაქტორის ეჭვს ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობაც უმყარებს, რომელიც, მისი აზრით, ლიკვიდაციისთვის არ იყო გათვლილი. ალადაშვილს მიაჩნია, რომ მსგავსი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება მსხვერპლს დახურულ სივრცეში გამოიწვევდა.
„ეს იყო დაახლოებით 100 გრამი ტროტილი, ან სხვა ნივთიერება, რასაც გამოძიება დაადგენს, თუმცა 100 გრამი ტროტილი, ან სხვა ნივთიერება გარსის გარეშე დიდი ალბათობით არ გამოიწვევდა მსხვერპლს მით უმეტეს თუ აფეთქება დაგეგმილი იყო ღია სივრცეში. დამგეგმავი, ლიკვიდაციის სურვილის შემთხვევაში, სადაც მან 100 გრამის შოვნა მოახერხა 400-საც იშოვიდა და მისთვის სასურველ შედეგს მიიღებდა. ის ან დილეტანტი იყო, ან პროფესიონალი და კარგად გათვალა, რა შედეგის დადგომა უნდოდა,“ – განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ნივთიერება, რომელიც აფეთქების დროს გამოიყენეს, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია.
“საქართველო ბოლო 25 წლის მანძილზე საომარ მდგომარეობაშია, ამიტომ მოსახლეობაში არის ჯერ კიდევ საბრძოლო მასალა და ასაფეთქებლები შემორჩენილი, ამიტომ მისი შოვნა პრობლემა არავისთვის არ იქნებოდა,“-განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები