მანანა კობახიძე მოსკოვის მოწოდებაზე: ასეთი განცხადების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს

“არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში და არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს არავითარი საფრთხე არსად არ ემუქრებათ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრის მოწოდებას, რომ საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები 8 ოქტომბერს მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ.
როგორც კობახიძემ “კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, მსგავსი განცხადებების და მოწოდებების საფუძველი არ არსებობს.
“რას ურჩევს და რას მოუწოდებს ესა თუ ის ქვეყანა თავის მოქალაქეებს, ეს იმ ქვეყნის გადასაწყვეტია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს.
საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება რეგიონის მასშტაბით. არჩევნები ძალიან მშვიდად ჩაივლის და შესაბამისად, არც ტურისტებს და არც ჩვენს მოქალაქეებს არავითარი საფრთხე არსად არ ემუქრებათ.
შაბათს ჩვენი მოქალაქეები მივლენ არჩევნებზე და მოიხდიან ვალს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამისი ვალდებულება არ აქვთ, დასვენების დღეა და მათ შეუძლიათ მშვიდად გადაადგილდნენ, მოინახულონ საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ასე შემდეგ“, – განუცხადა “კვირას“ მანანა კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრი საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს მოუწოდებს, 8 ოქტომბერს მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ადგილებს მოერიდონ.
ამ რეკომენდაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სიტუაციურ-კრიზისული ცენტრი Twitter-ში, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„8 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ტურისტებს რეკომენდაციას ვაძლევთ, მოერიდონ მასობრივი პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების ადგილებს“, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები