ირაკლი პეტრიაშვილი კომპანია „არემჯი გოლდის“ ბრალდებებს პასუხობს

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი კომპანია „არემჯი გოლდის“ ბრალდებებს პასუხობს.
„მე ვპასუხობ კომპანია „არემჯი გოლდს“ და არა ამ კომპანიის აწ უკვე ყოფილ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ჯონი რთველაძეს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების გაერთიანების და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობისთვის ძალიან უნიჭოდ გამოიყენა.
ჩემთვის ცნობილია, რომ რთველაძის განცხადებას მედიასაშუალებებს გასავრცელებლად სწორედ „არემჯი გოლდის“ პრესსამსახური უგზავნის.
პირველ რიგში, მადლობას ვუხდი კომპანია „არემჯი გოლდს“, რომ კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატს, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია, თუ რისთვის გადავწყვიტე პროფკავშირებიდან პარლამენტში წასვლა.
მე პარლამენტში სწორედ „არემჯი გოლდის“ მსგავსი, სახელისუფლებო კარის ბიზნესკომპანიების წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომლებიც წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებშიც უხეშად არღვევენ დასაქმებულთა შრომის უფლებებს და უსაფრთხოების ნორმებს. უკვე პარლამენტის ტრიბუნიდან შევახსენებ მათ, რომ „ხელისუფლებასთან მოგვარებული ბიზნესი“ არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებში მომუშავე პერსონალმა მონურ პირობებში უნდა იშრომოს.
სანამ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში ჩხრეკას დაიწყებენ, კომპანია „არემჯი გოლდს“ მინდა შევახსენო, რომ მათგან განსხვავებით, არასდროს არ დამჭირვებია კუდის ქიცინი არც ერთ ხელისუფლებასთან და დასაქმებულთა უფლებებისთვის ბრძოლისას არასოდეს წავსულვარ კომპრომისზე.
საუკეთესო სურვილებით და თქვენთან კამათის ხარჯზე, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი საეთერო დროის გამოყენების სურვილით,
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი პეტრიაშვილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები