ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან თავი შეიკავა

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოში მისვლისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ მიაწოდა.
კობახიძის თქმით, საკმაოდ საფუძვლიანია ეჭვები იმის შესახებ, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქების უკან „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაგეგმილი პროვოკაცია იდგეს.
”სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას. ჩემი ინფორმაციით, ის დაბარებული იქნა გამოკითხვაზე, თუმცა მან თავი შეიკავა მისვლისგან. აქედან გამომდინარე, ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურებაზე საუბარი, ბუნებრივია, ზედმეტია. ბუნებრივია, ეს არ არის ისეთი საქმე, რომელიც მაინცდამაინც ერთ და ორ დღეში შეიძლება გაიხსნას. უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას.
​თუ გამოძიებაში გამოიკვეთება, რომ ეს იყო, დავუშვათ, ტერაქტი ან სხვა რაიმე ტიპის დანაშაული, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანო შეუცვლის მას კვალიფიკაციას. ბუნებრივია, ეჭვები არსებობს, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ დაგეგმილია გარკვეული პროვოკაციები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, საკმაოდ საფუძვლიანია ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ამ საქმის უკან იდგეს ის ეჭვები, რომლებიც ჩვენ გვაქვს”, -აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები