მანანა კობახიძე: სამწუხაროა, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა აქციაზე ჩამოსასვლელად თანხა აიღო

“სამწუხაროა, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა აქციაზე ჩამოსასვლელად თანხა აიღო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაზე დიდი რაოდენობით მხარდამჭერის მიყვანა ვერ მოახერხა. კობახიძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას მითი უწოდა.
„მიუხედავად ”ნაციონალური მოძრაობის” ყველანაირი მცდელობისა, რომ დიდი ტალღა აეგორებინათ და ეჩვენებინათ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, ეს მათ გუშინ არ გამოუვიდათ.
როდესაც საუბარია იმაზე, რომ აქციაზე მისასვლელად იღებენ ფულს, ეს მეტყველებს, რომ ისინი ”ნაციონალური მოძრაობის” მხარდასაჭერად კი არა, გარკვეული სარგებლისთვის იყვნენ ჩამოსულები.
ერთი ის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და დანაშაულია, მეორე მხრივ, მე თანაგრძნობაც გამოვხატე ასეთი ადამიანების მიმართ. როდესაც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და არჩევანს გაცვლი რაღაც თანხაზე, ეს ძალიან ცუდია და გააზრებული უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ეს რას ნიშნავს. თუ ვერ გაიაზრეს, ასეთების გამო მე თანაგრძნობა გამოვხატე, რისთვისაც კრიტიკა მივიღე.
რატომღაც ჩათვალეს საკუთარი თანამემამულეების შეურაცხყოფად. შეურაცხმყოფელი ეს საქციელია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რისთვის და ვის აძლევენ ხმას და ეს არ უნდა იყოს განპირობებული ფინანსური სარგებლით.
გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არავითარი ძალა და რესურსი ”ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს, მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას”, -განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები