თეა წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის ყველაზე სუსტი რგოლი ამზომველები არიან

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის ორი თვის შედეგები შეაჯამა.
მინისტრმა კომენტარი  მიწის ამზომველების შესახებაც გააკეთა.
„ორი თვის თავზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიწის რეგისტრაციის ჩვენი მოქალაქეებისთვის ამ მნიშვნელოვანი რეფორმის ფარგლებში, ყველაზე სუსტი რგოლი არის ამზომველი. მე დასავლეთ საქართველოში გახლდით ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, არაერთ სოფელში და ყველგან გამოჩნდა, რომ ამზომველი, რომელიც არის ბიზნესმენი, კერძო სექტორის წარმომადგენელი, რეალურად არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც მოქალაქეს ცხოვრებას გაუადვილებდა. ამიტომაც მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვუთხრა, რომ ნუ მიმართავენ ნებისმიერ ბიუროს, რომელსაც შესასვლელზე „ამზომველი“ აწერია, რადგან აღმოჩნდა, რომ საქართველოში არიან ამზომველები, რომლებმაც არ იციან მიწის აზომვა. ამიტომაც სოფლის რწმუნებულთან, გამგებელთან, გამგეობებში აუცილებელია, მოვიკითხოთ, რომელი ამზომველია კომპეტენტური, რადგან მხოლოდ კომპეტენტური და სტანდარტების შესაბამისი აზომვითი ნახაზის პირობებში ანაზღაურებს სახელმწიფო ამზომველის საქმიანობას მოქალაქის ნაცვლად − იქნება ეს სერტიფიცირებული თუ არასერტიფიცირებული ამზომველი. ამზომველებს მინდა, ვურჩიო, რომ მოქალაქეს ნუ ეტყვიან, თითქოს რეფორმა ჯერ არ დაწყებულა, იმიტომ, რომ თავად არ იციან, როგორ აზომონ მიწის ნაკვეთი. რეფორმა დაიწყო პირველ აგვისტოს. დღემდე ჩვენ 80 000 მოქალაქეს ვეხმარებით საბუთების მოძიებაში და 20 000-ზე მეტმა რეგისტრაცია უკვე წარმატებით დაასრულა“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები