მამუკა არეშიძე: საარჩევნოდ ამ აფეთქებაზე ბევრად უფრო რთული და სერიოზული ამბები გველოდება

“საარჩევნოდ ამ აფეთქებაზე ბევრად უფრო რთული და სერიოზული ამბები გველოდება”,  – ამის შესახებ ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მამუკა არეშიძე დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს აფასებს და რამდენიმე ვერსიას განიხილავს. არეშიძის შეფასებით, მოახლოებული არჩევნების ფონზე ამ ინციდენტმა “წყალი დაასხა„ არა ხელისუფლების, არამედ “ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე.
“ფაქტია, რომ ხელისუფლებას არჩევნების წინა დღეებში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერზე თავდასხმა არანაირად არ უნდა აწყობდეს, ამიტომ, ჩემი აზრით, ამ ამბავში ხელისუფლების ხელი არ ურევია. დავუშვათ, გაჩნდა კითხვა – იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გივი თარგამაძე, რომ მისი ლიკვიდაცია არჩევნებამდე ღირდა? მე ვერ ვხედავ, რომ თარგამაძე ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყოს, ამიტომ ლოგიკას ვერც ამაში ვხედავ. შესაბამისად, ჩნდება მეორე კითხვა – ვის სჭირდებოდა ეს? ვის წისქვილზე დაასხა წყალი? ერთადერთი, ვის წისქვილზეც ამ ფაქტმა “წყალი დაასხა“, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა“. შესაძლებელია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი გამოცდილება წარსულში მათი მხრიდან, და არა მარტო “ნაციონალების“ მხრიდან.. 90-იანი წლების ბოლოს ანალოგიური შემთხვევა მოხდა, როდესაც მაშინდელმა ახალგაზრდა რეფორმატორების ჯგუფმა თავის თავს მოუწყო ეს. მანქანის დაცხრილვას ვგულისხმობ“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.
ამასთან, მისივე შეფასებით, არჩევნები ძალიან მძიმე დაძაბულობის ფონზე ჩაივლის და იმაზე უფრო ბევრად რთული და სერიოზული ამბები მოხდება, ვიდრე დღეს არის.
“მე არასდროს ვთვლიდი, რომ წინასაარჩევნო პროცესი დუნედ მიდიოდა. პირიქით, ეს იყო სიწყნარე ქარიშხლის წინ. გარდა ამისა, თვითონ დაძაბულობა ყოველთვის იგრძნობოდა. პატარ-პატარა ექსცესებიც იყო – მაგალითისთვის სამეგრელოს ეპიზოდს გავიხსენებ. სატელევიზიო სივრცეშიც ისეთი ფონი იყო შექმნილი, რომ არჩევნები მაქსიმალური დაძაბულობის ფონზე ჩაივლის და იმაზე ბევრად უფრო რთული და სერიოზული ამბები მოხდება, ვიდრე დღეს არის. საზოგადოებას არ ვაშინებ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აპათიისა და უიმედობის ხარისხი მათში მაღალია, ვთხოვ, რომ 8 ოქტომბერს მაინც გადადგან ის ნაბიჯი, რასაც არჩევნებზე მისვლა და მოვალეობის მოხდა ჰქვია. რაც მთავარია, ემოციურად ნუ მიუდგებიან საკითხს, მიუდგნენ გონებით და ნებისმიერი ფაქტი ჯერ კარგად გააანალიზონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება“, -აცხადებს მამუკა არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები