შს მინისტრის მოადგილე რეგიონული სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ფორუმს – „ბირთვული და რადიოლოგიური გამოწვევები შავი ზღვის რეგიონში: მიზეზები, შედეგები და საპასუხო ზომები“ დაესწრო და სიტყვა წარმოთქვა.
შალვა ხუციშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ღონისძიება ყოველ წელს გაიმართება.
ფორუმის მონაწილეებმა რეგიონში ეროვნული სახელმწიფოების კონტროლის მიღმა დარჩენილი ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეები და საერთაშორისო ბირთვულ უსაფრთხოებაზე მათი უარყოფითი ზეგავლენა განიხილეს. ღონისძიების მიზანი იყო პოტენციური საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული მექანიზმების განსაზღვრა, რომელთა საშუალებითაც ბირთვული და რადიოლოგიური ტერორიზმის საფრთხის შემცირება გახდება შესაძლებელი.
ფორუმს დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ღონისძიება შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ბრიტანეთის ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.