“პაატა ბურჭულაძე არჩევნების შემდეგ ბლოკიდან ფულს მოხსნის და ქვეყნიდან წავა”

”ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” თავმჯდომარის ზურაბ ჯაფარიძის ვარაუდით, პაატა ბურჭულაძე არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და ქვეყნიდან წავა. ამის შესახებ ის საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს.
ამასთან, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ბურჭულაძეს არც ის აინტერესებს, გადალახავს თუ არა მისი ბლოკი ბარიერს.
ზურაბ ჯაფარიძე პაატა ბურჭულაძეს ტყუილში ადანაშულებს და აცხადებს, რომ ”ამხელა ადამიანი 3 წლის ბავშვივით იტყუება”.
”ამხელა ადამიანი დგას და სამი წლის ბავშვივით იტყუება და იბლანდება საკუთარ ტყუილებში. მას უნდა სცოდნოდა, ეს თანხა ანგარიშზე რომც მქონოდა, ჩემთან და ”გირჩთან” ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოვიდოდა. მეტიც, ”გირჩის” წევრებს საპარლამენტო სკამისთვის არ გავცვლიდი. ვფიქრობ, ამ ადამიანს ერთადერთი მოტივაცია აქვს – პოლიტიკაში იმისთვის მოვიდა, რომ წინასაარჩევნოდ რაც შეიძლება მეტი ფული იშოვოს. ბურჭულაძეს არც ის აინტერესებს, გადალახავს თუ არა მისი ბლოკი ბარიერს, მაღალი ალბათობით, ის არჩევნების შემდეგ ბლოკიდან სოლიდურ ფულს მოხსნის და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ ქვეყნიდანაც კი წავა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ”გირჩი” პოლიტიკაში რომ არ მოხვედრილიყო უამრავი ადამიანის ინტერესებში იყო, მათ შორის, როგორც ”ქართული ოცნების”, ისე ”ნაციონალური მოძრაობის”.
”ორივეს ინტერესშია, პოლიტიკაში ერთადერთ მოთამაშეებად დარჩნენ”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები