„ჩვენი პარტნიორები მთელ მსოფლიოში მტკიცედ დგანან საქართველოს არჩევანის გვერდით“

  ქართველმა ხალხმა დაიჯერა, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დემოკრატიული არჩევნების გზით და არჩევნების შედეგად მოხდა დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. “ხელისუფლებას უნდა მოთხოვო კიდეც პასუხი და თუ არ მოგწონს, უნდა შეცვალო. რა თქმა უნდა, დემოკრატია ქართველ ხალხს სჭირდება თავისთვის და არა მხოლოდ იმისთვის, რომ აჩვენოს ეს ევროპას ან სხვა ქვეყნებს. ვილნიუსის სამიტი იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან იქ დაფიქსირდა და მატერიალიზდა ის, რაც რეალურად მოხდა საქართველოში – ქართველი ხალხის სურვილმა მიიღო ფორმა. ბუნებრივია, ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე გარკვეული დროა. ქართველი ხალხის ნებას აღარაფერი შეცვლის, რადგან ეს ნება ურყევია და არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანში გაერთიანებულია თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი, არამედ – ხალხის. ეს ნება დღეს არ გამოვლენილა, ის კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი კულტურის ნაწილი იყო”, – აცხადებს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები იყოს ხელის შემშლელი ფაქტორი, თუმცა თუ საერთაშორისო ინტერესი კონცენტრირებული იქნება საქართველოზე, რეალური არ იქნება საშიშროება, რომ ქართველი ერის ნებაზე რაიმენაირად მოხდეს ზეგავლენა. “გვაქვს იმის ნიშანი, რომ ჩვენი პარტნიორები და მეგობრები მთელ მსოფლიოში ძალიან მტკიცედ და მყარად დგანან საქართველოს არჩევანის გვერდით. ბუნებრივია, თუ ჩვენ გავაერთიანებთ ჩვენს რეალურ არჩევანს, საზოგადოების არჩევანს და მოვახდენთ ამ საერთაშორისო ინტერესის კონცენტრაციას საქართველოზე, რეალური არ იქნება საშიშროება, რომ ქართველი ერის ნებაზე რაიმენაირად მოხდეს ზეგავლენა. უპირველესად, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც მრავალი საუკუნე უცხოვრია, უცხოვრია ამაყად და ყოველთვის, ურთულესი პოლიტიკური ვითარებებისა და ისტორიული კატაკლიზმების დროს გამოუხატავს საკუთარი არჩევანი”, – აცხადებს პრეზიდენტი თურქეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები