თამარ ჟვანია: ჩვენ და მთელმა საზოგადოებამ ვისწავლეთ კარგი არჩევნების ჩატარება

„იდეალური დიასახლისი და წარმატებული მენეჯერი“-ასე აფასებს, ერთ-ერთი ჟურნალი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, რომელიც მას პირად ცხოვრებასა და არჩევნებისადმი მზაობაზე ესაუბრება.
ჟურნალის ინფორმაციით, თამარ ჟვანიას სამუშაო დილა  8 საათზე იწყება და ღმერთმა უწყის, როდის მთავრდება. მიუხედავად, ამისა, თავისუფლად შეუძლია, საკუთარი თავის მრავალმხრივ რეალიზება და დროის დეფიციტთან გამკლავება.
თამარ ჟვანიას თქმით, იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული მენეჯერი და იდეალური დიასახლისი და არ გრძნობდეთ დროის დეფიციტს, მთავარია გქონდეთ ერთი თვისება – მიზანსწრაფულობა. ამასთანავე, შეიძლება სურვილები გქონდეთ, მაგრამ ისინი ყოველთვის თანხვედრაში უნდა იყოს შესაძლებლობებთან. ასევე, მიზნამდე მისასვლელი გზა ყოველთვის ჰუმანური უნდა იყოს.
“ ჩემთვის  ნებისმიერი საქმე, თუ ადამიანურ ურთიერთობებს არ ეფუძნება, მკვდარია. არასოდეს მოცდეთ არასწორ საქმეზე, მით უფრო ნეგატივზე. ჩემი დევიზია: „გაეცი პოზიტივი და მიიღებ პოზიტივს“. ალბათ, ეს არის ის ძირითადი თვისებები, რამაც აქამდე მომიყვანა, რამაც რთული ეტაპები გადამალახინა ცხოვრებაში“, -აღნიშნავს ინტერვიუში თამარ ჟვანია.
შეკითხვაზე – უარყოფითი ტალღა, გაცილებით სწრაფად გორდება ცესკოს მისამართით, განსაკუთრებით არჩევნების წინ. რა მექანიზმებით ახერხებთ მასთან გამკლავებას და მზად არის თუ არა წელს ცესკო, მთავარი ტესტის ჩასაბარებლად, თამარ ჟვანია პასუხობს, რომ აქვს უსაზღვრო მოთმინების უნარი და არ იცის წყენის დამახსოვრება. ყველაზე კარგი რჩევა, რაც ჭკვიანი ადამიანებისგან მიუღია, ის არის, რომ გაბრაზებულ გულზე არასოდეს მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება.
„რაც აქამდე უარყოფითი ტალღები ყოფილა, ყველა იყო პიროვნული და არა რაიმე არგუმენტირებული ფაქტი არჩევნებთან დაკავშირებით. თან, თუ ვიცი, რომ ეს არ არის სიმართლე, ვაგრძელებ ჩემი საქმის უკეთესად გაკეთებას. მე უკვე ვთქვი, ნეგატივსა და არასწორ საქმეზე არ უნდა მოცდე და დროს დაზოგავ“, – აცხადებს თამარ ჟვანია.
მისი თქმით, 2016 წლის არჩევნებისთვის ცესკო უკვე დიდი ხანია ემზადება და ამიტომ მთავარი ტესტის ჩასაბარებლად ის მზად არის. ეს ინსტიტუცია ამდენი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბდა ისეთ ინსტიტუციად, რომ ნებისმიერ მომენტში აქვს მზაობა, თუნდაც დაუგეგმავი, ვადამდელი არჩევნები ჩაატაროს. თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო აღარ არის, მხოლოდ ხმების დამთვლელი მანქანა. ცესკო კარგა ხანია, ჩამოყალიბდა ამომრჩევლებისთვის მომსახურე და სერვისების მიმწოდებელ ინსტიტუტად. ბოლო წლების განმავლობაში, აღნიშნულმა ინსტიტუციამ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით.
„ჩვენ, უკვე გასული არჩევნებიდან ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია მოვახდინოთ პროცესის ორგანიზება, სრულად უზრუნველვყოთ ამომრჩევლისა და ჩართული მხარეების მომსახურება და მათი ნების ასახვა. ერთ-ერთი მთავარი ნიშა დღევანდელი ჩვენი ინსტიტუციისა არის სამოქალაქო განათლება. განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ამ ქვეყანაში აშენდება ყველა წარმატება. 2016 წლის არჩევნებზე ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ამას საზოგადოება ელოდება და იმსახურებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ და მთელმა საზოგადოებამ ვისწავლეთ კარგი არჩევნების ჩატარება“, – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები