კონგრესმენი ჰანტერი: საქართველო აშშ-ის სანდო მეგობარი და პარტნიორია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას კონგრესმენმა დუნკან ჰანტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის სადარაჯოზე და გააზრებულად აქვს ნაკისრი ქვეყნის დახმარების ვალდებულება, რათა დასახული მიზანი – ნატოში  და ევროკავშირში გაწევრიანება  შეძლოს და სრულად მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.
„საქართველოს რესპუბლიკა შეერთებული შტატების სანდო მეგობარი და პარტნიორია. მტკიცედ ვუჭერ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და აღმავლობას. მსურს საქართველოს მივულოცო საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში მიღწეული მნიშვნელოვანი დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო საქართველოსთან შეერთებული შტატების განუხრელ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში. ქვეყნის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის ინიციატივაში“. ხსენებულ ფორმატში ქვეყანა უფრო მეტი სამხედრო შემადგენლობით არის წარმოდგენილი, ვიდრე ნატოს არაწევრი ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ვიცი, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მონაწილეობას ამ მისიებში, აღიარებს და უფასებს მას თავგანწირვას. უსაფრთხოების სფეროში ჩვენი მნიშვნელოვანი ურთიერთობა გრძელდება და ვითარდება რეგიონული ძალისხმევის ფორმატში, რაც გულისხმობს ევროპის მზაობის ინიციატივას და გაფართოებულ ორმხრივ თანამშრომლობას. ჩვენი ორი სახელმწიფო მჭიდროდ თანამშრომლობს ორმხრივი უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, საქართველოს გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის განვითარების, უსაფრთხო რეგიონისა და სამყაროს შექმნის სფეროში. ამ კონტექსტში ძალიან მაწუხებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის განგრძობადი ოკუპაცია. მიმაჩნია, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. შეერთებული შტატები მტკიცედ დგას საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერის სადარაჯოზე. გააზრებულად გვაქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის დახმარების მიმართ, რათა დასახული მიზანი – ნატოსა  და ევროკავშირში გაწევრიანება შეძლოს და სრულად მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები