„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალი 28 მილიონი ლარით გაიზარდა
2013 წელს „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავალი 28 მილიონი ლარით გაიზარდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზიდან“ აცნობეს. “საქართველოს რკინიგზა” პრესაში და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. “საქართველოს რკინიგზის” განცხადებას “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“წინასწარი ოპერატიული მონაცემებით, რკინიგზის 2013 წლის შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან და მასთან დაკავშირებული სადგურების ოპერაციებიდან დაახლოებით 28 მლნ ლარით გაიზარდა. 2013 წლის ხარჯების ზრდის ძირითადი ნაწილი გამოწვეულია კომპანიის მენეჯმენტის მიერ წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილებით თანამშრომლებისთვის (გარდა მმართველი რგოლისა) ხელფასის საშუალოდ 30%-იანი ზრდით (დაახლოებით 25 მლნ ლარი); ტვირთების შემცირებასთან დაკავშირებით კომპანია მარტიდან აკეთებდა განმარტებებს, შესაბამისად, წლის ბოლოსთვის ეს ინფორმაცია ახალი არ გახლავთ და გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით: ა. ხორბალი – 2012 წლის ბოლოს, სომხეთში მოხდა ხორბლის მარაგის წინასწარი შეტანა, რაც აისახა 2013 წლის რკინიგზით გადაზიდული ხორბლის შემცირებაზე; ბ. ბოქსიტი – 2012 წლის ბოლოს აზერბაიჯანში დაიხურა ქარხანა, რომელიც მოიხმარდა საქართველოს პორტებიდან შემოსულ ბოქსიტის მადანს, რაც წლის განმავლობაში შეადგენდა 500 ათას ტონას; ც. თხევადი ტვირთი – 2006 წლიდან მოყოლებული, დერეფანში, შეინიშნება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შემცირების ტენდენცია. ამასთან, 2013 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანულმა კომპანიამ დაასრულა კონტრაქტი თენგიზ შევროილთან, რაც აისახა მეორე კვარტალში აღნიშნული ტვირთის შემცირებაში.
კომპანიის მენეჯმენტისა და სახელმწიფოს აქტიური მუშაობის შედეგად, აღნიშნულმა ტვირთმა, 2013 წლის მესამე კვარტლიდან განაახლა მოძრაობა გაზრდილი ოდენობით. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, ბოლო წლებში პირველად, დაფიქსირდა ნავთობპროდუქტებში ზრდა და 2012 წელთან შედარებით შეადგინა დაახლოებით 350 ათასი ტონა.
გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ შემოსავლების ზრდა, დროებით შემცირებული ტვირთების ფონზე აღქმულია ნეგატიურად. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში მოხერხდა ჩრდილოვანი შემოსავლების ლეგალიზაცია. კომპანია “ჯორჯია ტრანზიტი” წინა წლებში სარგებლობდა მონოპოლიით და რკინიგზას უმცირებდა შემოსავლებს, ხოლო აღნიშნული თანხები მთლიანად ილექებოდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული კერძო პირების ოფშორულ ანგარიშებზე.
დღეს აღნიშნული კომპანიის 100% მფლობელი გახლავთ სს “საქართველოს რკინიგზა” და მისი შემოსავლები მთლიანად რკინიგზის ბიუჯეტში რჩება. მედიასივრცეში ასევე გამოითქვა მოსაზრება დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემცირებაზე, რაც ალოგიკურია რკინიგზის ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებისა და პორტებში ისეთი სტრატეგიული ტვირთების გადაზიდვის ზრდის ფონზე (16%), როგორიცაა კონტეინერები.
აქვე უნდა აღინიშნოს 2013 წლის ასტანაში მიღწეული შეთანხმება საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანის სარკინიგზო კომპანიებს, აქტაუს, ბაქოსა და ბათუმის პორტებს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის” შექმნას ითვალისწინებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ზრდა მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში გადაზიდული ტვირთების შემცირებისა (საშუალოდ 15-20%) და კასპიისა და შავი ზღვების პორტებში გადამუშავებული ტვირთების შემცირების ფონზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.