​კულტურის მინისტრი BIAFF 2016-ის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდა

21 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში, სასტუმროში “DIVAN SUITES”, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – გიორგი თავამაიშვილი ბერძენი სცენარისტის, ნიკოლაოს პანაგიოტოპულოსის მასტერკლასის მონაწილეებს შეხვდნენ.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, ბათუმის კინოფესტივალის “BIAFF-2016”-ის ფარგლებში ჩატარებული მასტერკლასის თემა იყო “სცენარის ადაპტაცია დაბალბიუჯეტიანი ფილმებისთვის”. ღონისძიება ფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიულ ტალღის” ფარგლებში გაიმართა, რომლის ძირითადი ფოკუსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარებაა. ამაში პროდიუსერებს უცხოელი და ქართველი პროფესიონალები ეხმარებიან.
შერჩეულია 9 პროექტი და მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, განავითარონ პროექტები შემდეგი მიმართულებებით – სცენარი, საპრეზენტაციო მასალები, დაფინანსების სტრატეგია, წარმოების სტრატეგია, დისტრიბუციის და მარკეტინგის სტრატეგია.
„ალტერნატიული ტალღა” ბათუმში, “BIAFF 2016”-ის ფარგლებში, 21-25 სექტემბერს ტარდება. ნიკოლას პანაგიტოულოსის გარდა ფესტივალის ფარგლებში მოწვეულნი არიან შემდეგი ექსპერტებიც: კონსტანტინე-მინდია ესაძე (ოპერატორი), დიტო ცინცაძე (რეჟისორი), პიტერ რომელი (პროდიუსერი), გელა ბაბლუანი (რეჟისორი). პროექტის ავტორებთან შეხვედრებს ასევე გამართავს ლიზა ანტონოვა (პროდიუსერი), რეჟისორი ალექსანდრე მინდაძე (რეჟისორი, რუსეთი) და სხვა.
ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნა და 25 სექტემბრამდე გასტანს.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ ბათუმის მერია. ორგანიზატორი – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”.
საავტორო ფილმების ბათუმის XI საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა სხვადასხვა სექციებისგან შედგება: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, შექსპირი კინოში, რეტროსპექტივები,”SHORT MATTERS!”-ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია და მასტერკლასები.
2016 წლის კინოფესტივალზე წარმოდგენილია დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი 30 ქვეყნიდან, ასევე მაყურებელი იხილავს 40-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმს. სტუმრები მოწვეულნი არიან ევროპიდან, აშშ-დან, პოსტსაბჭოთა სივრციდან და აზიიდან (მთლიანობაში 60-70 სტუმარი).
საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის, “Check in Georgia”-ს ფარგლებში ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები