პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა (ფოტოკოლაჟი)
“ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო სტუმრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემთვის ძალიან საპატიოა გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა. 25 წლის წინ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო განუხრელად იცავს გაეროს ღირებულებებს. თავის მხრივ, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე გაერო ყოველთვის იყო და არის საქართველოს, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოს, ნამდვილი პარტნიორი. 25 წლის წინ ცოტას თუ წარმოედგინა, რომ დღევანდელობა ასეთი იქნებოდა. სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გახვეული ქვეყნიდან საქართველო ჩამოყალიბდა დინამიკურ ევროპულ სახელმწიფოდ. ჩვენ დიდ წინსვლას მივაღწიეთ ძლიერი და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე და უზრუნველვყავით: 1. თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოება; 2. თავისუფალი მედია; 3. თავისუფალი ბაზარი; 4. საზოგადოების ერთიანობა; 5. კანონის უზენაესობა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში, რაც უზრუნველყოფს ღიაობას და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციას, ასევე საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისთვის თანასწორ შესაძლებლობებს. ივლისში საქართველო გახდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიები, ინსტიტუტები და საბაზრო ნორმები უახლოვდება ევროკავშირის სტანდარტებს. ჩვენ ვართ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის მთავრობამ, ევროკავშირმა და ნატომ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებაშია. თავისი არსით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა მიზნად ისახავს მტკიცე, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და მის ფარგლებს გარეთ. ხალხის მიერ არჩეულ ამ გზას მივყავართ სტაბილურობისკენ, უსაფრთხოებისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, ჩვენს ქვეყანასა და მთელს რეგიონში. მეორეს მხრივ, მუშაობის პროცესი მუდმივად ვითარდება. დღეს ჩვენ ახალ ათასწლეულში დიდი წარმატებების მისაღწევად ვემზადებით. ჩვენ ვაშენებთ ინოვაციებზე დაფუძნებულ საზოგადოებას, რომლის ყველა თაობის წარმომადგენლები მომავალს იმედის თვალით უყურებენ. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას და გააუქმებს 21-ე საუკუნეში არსებულ „გლინიკეს ხიდის“ თანამედროვე ვერსიას, რომლის შედეგიცაა ჩვენი ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია და ორივე მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობის ერთმანეთისგან დაშორება. ერთი წლის წინ გაეროს წევრებმა მიიღეს მსოფლიოს გაუმჯობესების უნივერსალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაისახა 2030 წლის დღის წესრიგის მდგრადი განვითარების 17 მიზანი. 2030 წლის ეს რევოლუციური დღის წესრიგი მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას: მიუხედავად ათასწლეულის განვითარების მიზნების ფენომენალური გეგმისა, ჩვენ, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, არ აღმოვჩნდით სათანადო სიმაღლეზე მისი განხორციელების კუთხით. მისასალმებელია, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების მიზნების გარდამქმნელ ძალას. ჩვენ ძალ-ღონე არ უნდა დავიშუროთ იმისათვის, რომ მომდევნო 15 წელიწადში თუ ჩვიდმეტივე მიზანს არა, მათ უმრავლესობას მაინც მივაღწიოთ. ამის მისაღწევად კი ჩვენ წარმატებული უნდა ვიყოთ ეროვნულ დონეზე და, ამავე დროს, სხვებსაც დავეხმაროთ თავიანთი ადგილობრივი მიზნების მიღწევაში. ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მიზნები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე განვითარების ხელშეწყობის გზით და პირიქით. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა, თუ როგორ უნდა გამოიხატოს ეროვნულ დონეზე ეს მიზნები კონკრეტულ მოქმედებაში. წელს ჩვენ დავიწყეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება, ასევე – რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას. გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მქონე ეფექტიანი მმართველობა არსებითია მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების შექმნისა და მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს. ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს. ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა. ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში – თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას. ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა. მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით. მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას. გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება: 1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა. 2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ. 3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია – თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას. პატივცემულო კოლეგებო, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის – მისი ხალხის აქტივაციას. შესაბამისად, განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს. წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს. ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის. რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია. ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას. ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის. ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს განვითარების დღის წესრიგი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და მათი თანასწორი უფლებებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეების ძალისა და მათთვის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაში მთავრობის როლის რწმენა. მდგრადი განვითარება შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გარეშე. ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას. დღეს ყველა საქართველოს მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რათა ვუპასუხოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. დღეს, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ძველ და ახალ წევრს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად, ეს არის წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკუთრებით კი ციხეებში მომხდარი უმძიმესი დარღვევები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახლახან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ და შესაბამისი ცვლილებები ქმედითი და ხარისხიანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავამოქმედეთ სამართლებრივი და პროცესუალური მექანიზმები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან საბრძოლველად, მსხვერპლთათვის კომპენსაციის ჩათვლით. ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით. 8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. ძვირფასო კოლეგებო, მდგრადი განვითარება არასრულია, თუკი ის მოწყვეტილია უსაფრთხოების ყოვლისმომცველ საკითხს, რასაც საქართველოში არსებული მწარე რეალობა ყოველდღიურად შეგვახსენებს – ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. ასობით ათას ადამიანს დღესაც არ აძლევენ შინ დაბრუნების უფლებას. ჩვენ მადლობას მოგახსენებთ იმ მორალური მხარდაჭერისათვის, რომელიც ასახულია გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან/ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთიდან (საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დადგა დრო, რომ ეს მხარდაჭერა კონკრეტულ მოქმედებაში აისახოს. ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა განიცდის მუდმივ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს. შეზღუდულია მათი გადაადგილებისა და საკუთრების უფლებები. მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობაც კი არა აქვთ. მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე. მიმდინარე ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მთავრობამ მემკვიდრეობით მიიღო. ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობების დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით. ჩვენ მომავალშიც მოვახდენთ რეაგირებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და გავაერთიანებთ საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე ერთმანეთთან იძულებით დაშორებულ მოსახლეობას. ამ მიზნით ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გავხდით ჩვენი ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა სარგებელსა და ეკონომიკურ შესაძლებლობას. ერთიანი საქართველოს ნათელი მომავლისკენ მიმართული ჩვენი ძალისხმევა იქნება ნდობის აღდგენისა და შერიგების კიდევ ერთი სტიმული. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციებს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირებთ საქართველოს რეგიონებს და თავად საქართველოსაც დავაკავშირებთ ფართო რეგიონთან. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, ჩვენი პორტები, გზები და სატრანსპორტო ქსელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამბიციური და რევოლუციური აბრეშუმის გზის განვითარების გეგმაში, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას. ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს სტრატეგიული მიმართულებებით. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა, დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენთვის საპატიო და სასიხარულოა თანამშრომლობა ჩინეთსა და აბრეშუმის გზის პროექტის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ სავაჭრო და საინვესტიციო დერეფნის უზრუნველყოფაში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს. როდესაც ვლაპარაკობთ კავშირგაბმულობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერნეტი, რომელიც წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის, ალბათ, ყველაზე სერიოზულ მამოძრავებელ ძალას. კავშირგაბმულობის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სისტემის დანერგვა, რომელიც ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ყველაზე მიუწვდომელი სოფლების მოსახლეობასაც კი. სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. ბატონებო და ქალბატონებო, ბატონო პრეზიდენტო, პატივცემულო კოლეგებო, მე ვამაყობ, რომ გამოვდივარ საქართველოს სახელით დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების ცენტრში იმყოფება. სწორედ ეს სულისკვეთება გვამოძრავებს ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების, მრწამსისა და კულტურის პატივისცემას. ჩვენ იმედით შევყურებთ გაეროსთან შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო ხედვას. გმადლობთ ყურადღებისთვის”.