სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
გუშინ აფხაზეთის ვ. არქანიას სახელობის არტგალერეაში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა – „სფუმატო“ გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან: აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო მედიალაბორატორია CYLAND-ი და არტცენტრი „ПУШКИНСКАЯ – 10“.
გამოფენაზე ქართველ ხელოვნების მოყვარულებს სანქტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.
როგორც „კვირას“ გამოფენის ორგანიზატორებმა აცნობეს, მედია არტლაბორატორია CYLAND-ი არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედიააქტივისტები მთელი მსოფლიოდან. CYLAND-მა ვალერი არქანიას არტგალერეაში, „სფუმატო“-ს გამოფენაზე წარმოადგინა ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის, ალექსეი გრაჩოვის, ვიტა ბუივიდ და ნატალია ლიახის ინსტალაციები.
არტცენტრი „ПУШКИНСКАЯ – 10“ დამთვალიერებელს შესთავაზა ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების – ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.
გამოფენა გახსნა მხატვარმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, წარმოდგენილი ნამუშევრების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა იულ რიბაკოვმა, ნონკონფორმისტული ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა სანქტ-პეტერბურგში.
გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანები ესწრებოდნენ.