აშშ ირანისთვის ავიალაინერების ექსპორტზე არსებული აკრძალვის მოხსნას გეგმავს
აშშ გეგმავს მოუხსნას ირანს სანქციები სამგზავრო ავიალაინერების ექსპორტზე. ამის შესახებ „როიტერს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
შეერთებული შტატების შესაბამისმა სამსახურმა უკვე მისცა ექსპორტის ლიცენზია კომპანია Airbus-ს და ანალოგიური გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ამერიკულ Boeing-თან დაკავშირებითაც იქნება მიღებული. შეერთებული შტატების მთავრობის ნებართვა ირანში თვითმფრინავების ექსპორტზე Airbus-ს იმის გამო სჭირდება, რომ ამ ტიპის ავიალაინერების ზოგიერთ ნაწილს აშშ აწარმოებს.
კომპანია Airbus-ში დაადასტურეს, რომ ლიცენზია 17 ავიალაინერს შეეხება და ირანისთვის მათი მიყიდვა იგეგმება.
ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, მომდევნო წლებში ქვეყნის ავიაკომპანიები 100 ახალი ავიალაინერის შეძენას გეგმავენ.