ბონდო ქურდაძე მთავრობას „საუკუნის პროექტს“ სთავაზობს
გაზეთ „შანსის“ ყოფილი რედაქტორი ბონდო ქურდაძე პარიზიდან საქართველოს მთავრობას მიმართავს. ქურდაძე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს „საუკუნის პროექტს“ სთავაზობს.
„მინდა ჩემი იდეა ელვისებურად გააზიაროთ, რათა ბატონ ბიძინას, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავჯდომარესა და პრემიერ მინისტრს დროზე მიუვიდეთ ეს ინფორმაცია, უფრო სწორად, „საუკუნის პროექტი“. პლაგიატორობა რომ არ დამაბრალოთ, იდეა ბატონ ტყემალაძისგან ავიღე, უფრო დავხვეწე და ასე განვავრცე:
„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სასწრაფოდ დაუკავშირდეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ემიგრაციის მინისტრი კი, საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა სათვისტომოს თავჯდომარეს, ბატონ ოთარ ზურაბაშვილს, რათა ამ უკანასკნელმა უმოკლეს ვადაში მოიწვიოს საფრანგეთის ქართველ ემიგრანტთა სახალხო კრება და პარიზიდან, სულ რაღაც 30 კილომეტრში, სოფელ ლევილ-სიურორჟში მდებარე „შატო-ლევილის“ (5 000კვ.მ.), რომელიც იურიდიულად ქართველთა სათვისტომოს დაქვემდებარებაშია, არსებულ დოკომენტაციაში (ასევე საკადასტრო რუკაში) დაამატონ ერთი პატარა ჩანაწერი: „ლევილის ქართველთა მიწის, „შატო-ლევილის“ ბალანსზე აყვანილი იქნას საქართველო, გაეროს მიერ აღიარებულ ტერიტორიულ ფარგლებში“…
ალბათ, თქვენც დარწმუნდით, რომ გენიოსობა სიმარტივეშია, ხედავთ რამხელა პრობლემა გადაიჭრა უმტკივნეულოდ: 1) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.2) საქართველო ევროკავშირის წევრი. 3) საქართველო „ნატოს“ წევრი და კიდევ მრავალი სიკეთე. დარწმუნებული ვარ პუტინი შოკში ჩავარდება და ასევე ჩვენი გაქცეული ექსპრეზიდენტიც, თვითონ რომ ვერ მოიფიქრა.
დამერწმუნებით, რომ ეს ახალი სიტყვაა მსოფლიო დიპლომატიაში, მე არ მოვითხოვ ნობელის პრემიას, არც „ღირსების ორდენს“, ოღონდ, ყველაფერი რომ მოგვარდება, ისე, როგორც ეს შეფერის ევროპის ცივილიზებულ საზოგადოებას, დამიბრუნეთ ჩემი რედაქცია გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობაში და ჩემი ვალი, რომელიც სასამართლომ ცნო, შპს. ნაფარეულის ღვინის ქარხნასთან მიმართებაში და რომელიც არ აღასრულა შესაბამისმა უწყებამ. ამას კი იმიტომ ვითხოვ, რომ ღირსეულად დავბრუნდე მშობელ ქვეყანაში და არ მქონდეს უსამართლობის განცდა. აბა, თქვენ იცით, ხელისუფალნო, აბა, მეგობრებო, გააზიარეთ, არ დაგეზაროთ!… – აღნიშნულია ბონდო ქურდაძის წერილში, რომელიც მან „კვირის“ რედაქციას მიაწოდა.