რა კავშირი აქვს გივი თარგამაძეს სოსო ჯოხაძის მკვლელობასთან – 28 სექტემბერს თარგამაძე მოწმის სახით დაიკითხება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი – გივი თარგამაძე შესაძლოა, გამოძიებამ სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხოს.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ თარგამაძის ჩვენება მოიპოვა, რომელიც მან კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის საქმეზე მისცა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ჩვენებაში საუბრობს ის ძმებ ჯოხაძეებზე და ასევე, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულ ბადრი ნათობაძეს ახსენებს.
აღნიშნული ჩვენება გამოძიებას თარგამაძემ ივნისში მისცა, 2 სექტემბერს კი ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ჩაცხრილეს სოსო ჯოხაძე. მკვლელობაში ბრალდებულის სახით დააკავეს გივი თარგამაძის მიერ ნახსენები ბადრი ნათობაძე, რომელთანაც მას, როგორც ჩანს, წარსულში მეგობრობა აკავშირებდა და არამარტო მას. როგორც სტატიაში წერია და ეს ბადრი ნათობაძის ფეისბუქის გვერდიდანაც ირკვევა, ის ყოფილი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელთან მეგობრობს.
„28 სექტემბერს გივი თარგამაძეს მოწმის სტატუსით დაიბარებენ, იმის გასარკვევად რა გზით შეიტყო „კანონიერი ქურდის“ დეპორტაციის შესახებ და მართლაც დაიგეგმა თუ არა ეს საქმე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის კაბინეტში საქართველოს შსს-ს დისკრედიტაციის მიზნით“, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, თარგამაძე სწორედ გერლიანის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში საუბრობს სოსო ჯოხაძესა და ბადრი ნათობაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ამიტომ, როგორც გამოცემა ვარაუდობს, არ არის გამორიცხული, დეპუტატი ჯოხაძის მკვლელობის საქმეზეც დაკითხონ.
ჩვენებაში თარგამაძე ამბობს, რომ ის მუდმივ მონიტორინგს უწევს ქართველი „კანონიერი ქურდების“ გადაადგილებას, გერლიანთან დაკავშირებით კი აცხადებს: „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა კონკრეტული რეისით მისი გამოძევება საქართველოში, თუმცა ვერ დაგიკონკრეტებთ, ვინ მომაწოდა აღნიშნული ინფორმაცია“,-აცხადებს თარგამაძე თავის ჩვენებაში.
ჩვენებით ირკვევა, რომ თრგამაძეს ასევე წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია უკრაინიდან საქართველოში სოსო ჯოხაძის ჩამოსვლის შესახებ, მისთვის ცნობილი ყოფილა ისიც, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტი მარგველაშვილი სოსო ჯოხაძის ძმის, კრიმინალური „ავტორიტეტის“, გიორგი ჯოხაძის შეწყალებას გეგმავდა.
რაც შეეხება სოსო ჯოხაძეს, ის ბოლო წლებში მართლაც უკრაინაში ცხოვრობდა და საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდა. მკვლელობამდე 10 დღით ადრე ის მეორე შვილის მამა გახდა და თბილისშიც ამ მიზნით იყო ჩამოსულიო, – ყვება ჯოხაძეების ახლობელი გამოცემასთან საუბრისას.
ჯოხაძე რამდენიმე დღეში უკრაინაში დაბრუნებას აპირებდა. თბილისში ყოფნის დროს კი ადვოკატთან ერთად გადაადგილდებოდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ დეპუტატი თავის ჩვენებაში ასევე საუბრობს თურქეთში, კერძოდ, ქემელ-ფაშაში გამართულ „სხოდკაზე“, სადაც, მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას, გერლიანის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ თარგამაძე საკუთარ ჩვენებაში ჯოხაძე-ნათობაძის დაპირისპირებაზე საუბრობს, თუმცა პროკურორი იქვე განმარტავს, რომ ინფორმაცია გერლიანის საქმესთან კავშირში არ არის.
ყოფილი პატიმარი გია ფაცურია კი, რომელიც საკანში ბადრი ნათობაძესთან ერთად იჯდა, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იხსენებს, რომ ციხეში ყოფნისას ბადუკა ნათობაძე ხშირად ეკონტაქტებოდა ტელეფონით იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის პირდად ვანო მერაბიშვილს. ფაცურია დარწმუნებულია, რომ ბადრი ნათობაძე კრიმინალურ წრეებში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ლობირებდა, რამეთუ ამ პარტიის ლიდერებთან მეგობრობა აკავშირებს.
„მერაბიშვილს ეუბნებოდა, დროზე გამომიშვი აქედანო. ყველას გვიყვებოდა და ამაყობდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ გარიჟრაჟზე იყო მიშა სააკაშვილის გვერდით და ვანოს ხაჭაპურზე აგზავნიდა ხოლმე. მისი საქციელი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ეს მოხდა მაშინ, როცა დიდი ოდენობით ჰეროინი აიღო მარნეულში. თბილისისკენ მიმავალ გზაზე გამოეკიდა პატრული და 5 საპატრულო ეკიპაჟი დაამტვრია. საბოლოოდ სააკაშვილმა შეიწყალა – შეღავათი მისცეს“, – განაცხადა ფაცაციამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები