კახა კალაძე: არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები და არეულობები მოაწყოს

მინდა, დაგამშვიდოთ ყველა, დავამშვიდო სრულიად საქართველო, რომ არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სოფელ ორსანტიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მოსალოდენელი პროვოკაციების შესახებ ისაუბრა.
„სამეგრელომ იცის ყველაზე მეტად თავისუფლების, ერთობის ფასი. დღეს არის რაღაც მინიშნებები, რომ უნდათ გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, არეულობების შემოტანა ქვეყანაში. მინდა, დაგამშვიდოთ ყველა, დავამშვიდო სრულიად საქართველო, რომ არავის არაფერი არ გამოუვა, ჩვენ აბსოლუტურად ვფლობთ და ვაკონტროლებთ ქვეყანაში სიტუაციას. არსებობს არჩევნები, არსებობს ცივილიზებული გზა, მიმდინარეობს მშვიდი საარჩევნო კამპანია, სადაც ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა. საქართველოს მოსახლეობამ კი, საარჩევნო უბნებზე მისვლით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს ხვალ ხელისუფლებაში“,-აღნიშნა კახა კალაძემ.
მისვე თქმით, საქართველოს აქვს გასული საუკუნის 90-იანის წლების ძალიან მწარე გამოცდილება.
„ეს თქვენ, მეგრელებმა, სამეგრელომ, იცის ყველაზე უკეთესად. ჯერაც ვერ მოგვიშუშებია ეს ჭრილობები. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ქვეყანაში დაპირისპირებები და არეულობები მოაწყოს. ჩვენ გვინდა მეტი სიყვარული, მეტი კონსტრუქციულობა. დაიღალა საზოგადოება ამდენი დაპირისპირებით. ჩართავთ ტელევიზორს და რა ხდება, ერთმანეთის შეურაცხყოფა, ჭიქების, ბოთლების სროლა. ეს არ არის დებატები. ეს არის ძალიან მძიმე საყურებელი, ამას უყურებენ ბავშვები, ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გავაკეთოთ ყველაფერი , რათა საქართველოში პოლიტიკური კულტურა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე“,-განაცხადა კალაძემ.
მისვე თქმით, საჭიროა მეტი კონსტრუქციულობა, მეტი პატივისცემა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული.
„ამით შევძლებთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, გაძლიერებას, ეკონომიკურ წინსვლას. ეკონომიკური წინსვლით იქნება შესაძლებელი ყველა იმ პროექტის განხორციელება, ყველა პრობლემის მოგვარება, რომელიც თითოეულ მოქალაქეებს აწუხებს. ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. დარწმუნებული ვარ, 8 ოქტომბერს საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება იქნება იმ დემოკრატიული გზის გაგრძელება, რომელიც ჩვენ 2012 წელს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად დავიწყეთ. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ამ გუნდის გამარჯვება პირდაპირ კავშირშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასთან. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს“,-მიმართა კალაძემ სოფელ ორსანტიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები