საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს 19-22 სექტემბერს ეწვევა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე – ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე – ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი-მუნს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე, სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს შეხვდება. მოლაპარაკებები გაიმართება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები