გიორგი მარგველაშვილი – პარლამენტში იქნება ბევრი ხმა, რომელიც გაერთიანდება ჩვენი სამშობლოსა და ეროვნული იდეალების სამსახურში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სასახლეში „შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის მონაწილე 500-მდე ახალგაზრდას შეხვდა და სერტიფიკატები გადასცა.
პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, კამპანიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთთვიანი კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებმა საკუთარი სათქმელი ყველა ამომრჩევლამდე მიიტანეს – რომ ყველა მოქალაქეს ქვეყნის წინაშე აქვს ვალდებულება, წავიდეს არჩევნებზე.
„მიხარია, რომ დღეს ყველას აქ გხედავთ, როდესაც ვაჯამებთ ჩვენს ერთთვიან, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან საქმიანობას – იმას, რაც ჩვენ ყველამ ერთად გავაკეთეთ.
კიდევ ერთხელ, თითოეულს ძალიან დიდი მადლობა ამისათვის.
ერთი თვის განმავლობაში, თქვენ მოიცავით მთელი საქართველო და ფაქტობრივად, ყველა მოქალაქემდე, ყველა ამომრჩევლამდე მიიტანეთ იმედისა და ხვალინდელი უკეთესი დღის ნაპერწკალი.
თქვენ არ მოითხოვდით, რომ ხმა მიეცათ რომელიმე პარტიისთვის ან პოლიტიკური ლიდერისათვის. თქვენ საუბრობდით მთავარზე – რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენ ყველას გვაქვს ვალი, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.
თქვენ, ამ ერთი თვის განმავლობაში, ასობით და ათიათასობით ადამიანს დაანახეთ, რომ პოლიტიკა არ არის ნეგატივი, რომ ეს არ არის ერთმანეთთან დაპირისპირება, რომ ეს არის ხვალინდელ დღეზე ზრუნვა, რომ ეს არის ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს საქართველო უკეთესი. თქვენ მოსახლეობას დაანახეთ ის, რომ ეს შეიძლება იყოს რომელიმე პარტიის მხარდაჭერის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები.
თქვენ გაახსენეთ ყველას, რომ ჩვენი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხალხია და რომ ძალა და ძალაუფლება, როგორც ჩვენს კონსტიტუციაში წერია, საზოგადოებასა და ხალხშია.
ეს იმედი მიეცით ძალიან ბევრ ადამიანს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად, ეს ქვეყანა იქნება უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული.
თქვენ მიეცით შესაძლებლობა პოლიტიკოსებსაც, რომ ამ პოზიტივის ფონზე ჰქონოდათ ურთიერთობა ამომრჩეველთან.
მე ამაყი ვარ, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, თქვენთან ერთად დავდიოდი და თქვენთან ერთად ვემსახურებოდი არა რომელიმე პოლიტიკურ ინტერესს, არამედ ამ ქვეყნის მთავარ ინტერესს, რომ თითოეული ამომრჩეველი იყოს საქართველოს მომავლისა და ბედის გადამწყვეტი, რომ თითოეული ამომრჩევლის ძალა და სიტყვა იყოს რადიკალურად მნიშვნელოვანი ყველა პოლიტიკოსისათვის, ვინც აპირებს, რომ ემსახუროს საკუთარ სამშობლოს.
დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მუშაობის შედეგად, ჩვენ მივიღებთ პარლამენტს, რომელიც, ისევე როგორც ჩვენი ტრადიციული ქართული მრავალხმოვანება, იქნება ბევრი ხმა, რომელიც გაერთიანდება ჩვენი სამშობლოსა და ეროვნული იდეალების სამსახურში.
მე დღეს აქ გხედავთ თქვენ, იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მოვიარე მთელი ქვეყანა. გხედავთ მომავალ ექიმებს, იურისტებს, მინისტრებს, დიპლომატებს, გხედავთ მომავალ ბიზნესმენებს, მაგრამ ეს სხვაა.
ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქალაქეები, რომელთაც გააზრებული აქვთ მთავარი, რომ ამ ქვეყნის სამსახურში ჩვენი, თითოეულის როლი, ჩვენი თითოეულის ძალისხმევა უნდა იყოს გადამწყვეტი და ჩვენ ეს მუხტი უნდა გადავცეთ ყველას ირგვლივ.
დარწმუნებული ვარ, დღეს შემაჯამებელი დღეც იქნება ძალიან შთამბეჭდავი ჩვენთვისაც და ამომრჩევლისთვისაც.
ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ იმ საქმეს, რისთვისაც თქვენ იყავით გაერთიანებული, მომავალშიც გააგრძელებთ თქვენს მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად.
თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენს შორის კავშირი არასდროს გაწყდება და ჩვენ გვექნება ერთმანეთთან კონტაქტი.
მაგრამ, რაც მთავარია, იცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობის გაძლიერების საქმეში მე მუდმივად თქვენი თანამოაზრე ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ჩემი თანამოაზრეები ხართ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რაც ერთად გავაკეთეთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
პროექტი “შენი ხმა ჩვენი მომავალია” საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის გააქტიურებას, არჩევნებისადმი საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.
პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს 8 ქალაქში 9 ახალგაზრდული საზაფხულო სკოლა მოეწყო, რომელთა მსმენელებიც, საგანგებოდ მათთვის შემუშავებული ტრეინინგების გავლის შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას პირადად ხვდებოდნენ და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში თავად ხვდებოდა და ახალგაზრდებთან ერთად კამპანიის მიმდინარეობის პროცესსა და შედეგებს იხილავდა.
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დღეს კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე კამპანიაში მონაწილე ახალგაზრდები სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, „შენი ხმა ჩვენი მომავალია” კამპანიის მონაწილე ახალგაზრდები მოსახლეობას თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვდებიან და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის აუცილებლობაში დაარწმუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები